ახალი ამბები

შესაძლოა, რუსეთმა დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებშიც გააგრძელოს — დეგნანი

23 სექტემბერი, 2020 • 893
შესაძლოა, რუსეთმა დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებშიც გააგრძელოს — დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეზინფორმაციის კამპანია გააგრძელოს.

“ყველა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, რადგანაც არსებობს მაღალი მოლოდინები. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთისგან გვინახავს საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ევროპასა და ასევე, ამერიკაში. შესაბამისად, ალბათ, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე გააგრძელოს საქართველოშიც. მე ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება. ასევე, საზოგადოებაც. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არასწორ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება და სიფრთხილით მოკიდება”, — განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი და მოლოდინები არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იყოს და “უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები”.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, სამწუხარო იქნება, თუ ისეთი შემთხვევები იქნება, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის არასწორი გამოყენება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი