ახალი ამბები

180 დღეში თბილისში „ფორდის“ 300 მიკროავტობუსი შემოვა – კალაძე

23 სექტემბერი, 2020 • 1583
180 დღეში თბილისში „ფორდის“ 300 მიკროავტობუსი შემოვა – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტენდერი მიკროავტობუსის შესყიდვაზე დასრულდა. 180 კალენდარულ დღეში კი დედაქალაქში „ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსი შემოვა.

კალაძემ დღეს თბილისის მერიის სხდომაზე განმარტა, რომ უწყება ივლისიდან მუშაობდა ტენდერზე, რომლითაც ქალაქში მიკროავტობუსები უნდა ჩანაცვლებულიყო. კერძოდ, დაიგეგმა 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენა.

თბილისის მერმა ასევე დასძინა, რომ მუნიციპალიტეტს უნდა მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლება.

„ტენდერი დასრულებულია. 18 სექტებმერს გაფორმდა ხელშეკრულება და გვყავს გამარჯვებული კომპანია. „ფორდის“ მარკის 300 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენი ეტაპობრივად მოხდება. 180 კალენდარულ დღეში მთლიანად ჩავანაცვლოთ..

რა თქმა უნდა, 300 ერთეული არ ეყოფა, საჭირო იქნება დამატებითი შესყიდვების განხორციელება“, – ამბობს კახა კალაძე.

მისივე განმარტებით, მანამდე თბილისში  3 ათასამდე მიკროავტობუსი დადიოდა, სატრანსპორტო რეფორმების შედეგად კი ეს რიცხვი 1 200-მდე შემცირდება.


თბილისის მერიამ 300 მიკროავტობუსზე ტენდერი ივნისში გამოაქვეყნა. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 29 819 040 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ყველა ავტობუსის გამოშვების თარიღი არაუადრეს 2020 წლისა უნდა იყოს, მათი ფერი კი- “ლურჯი მეტალიკი”. 300-ვე ავტობუსში არანაკლებ 17 დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს, პლუს ერთი ადგილი მძღოლისთვის.

ვრცლად ნახეთ:

მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად 30 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი