ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

DRI მეარაყიშვილის საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს

23 სექტემბერი, 2020 • 1070
DRI მეარაყიშვილის საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა [DRI] ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხის მოგვარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართვის წერილი გაუგზავნა.

“სამ წელზე მეტია, ახალგორელი სამოქალო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია. მის წინააღმდეგ მეოთხე წელია მიმდინარეობს გამოძიება აბსურდული ბრალდებით. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, თამარს წლებია შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ”, – წერია მიმართვის წერილში.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელებში რაიონის პროკურორი ემუქრება. სადამსჯელო მექანიზმად პროკურორმა აქტივისტისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიყენა. თამარ მეარაყიშვილს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპნიაში აცნობეს, რომ დავალიანება არ აქვს, თუმცა ელექტროენერგია პროკურატურის დავალებით შეუწყვიტეს.

თამარ მეარაყიშვილი ამ ინცინდენტს სამი წლის წინანდელ საქმეს უკავშირებს, სადაც მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული არარეალური დავალიანება ელექტრენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ჩამოაწერეს.

“სწორედ ამ თემას იყენებს პროკურორი მუქარისთვის. იგი თამარ მეარაყიშილს ქართული მედიისთვის ე.წ. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და ასევე ბრალს სდებს „ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობაში“. სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევას უკავშირებს დე ფაქტო პროკურორი თამარისთვის ელექტროენერგიის დავალიანების, მისი შეფასებით, „უკანონო“ ჩამოწერას”, – ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.

სამოქალაქო აქტივისტი არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ელოდება.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა აქამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს თამარ მეარაყიშვილს, არასათანადო და არასაკმარისია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში, როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში”. 

დე ფაქტო ხელისუფლების მუქარის და დაშინების პირისპირ აღმოჩენილი თამარ მეარაყიშვილის დასახმარებლად ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას:

“თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის და შანტაჟის შესაწყვეტად გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექნიზმი. ამასთანავე, ეს საკითხი დააყენოთ სექტემბრის ბოლოს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე. 

შეიმუშაოთ სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები, შექმნათ ე.წ. სარეზერვო ფონდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, განსაკუთრებული საჭიროებისას, ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარება”, – ვკითხულობთ მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი