ახალი ამბები

ინგლისში პაბები და რესტორნები 22:00 საათზე დაიკეტება – The Guardian

22 სექტემბერი, 2020 • 753
ინგლისში პაბები და რესტორნები 22:00 საათზე დაიკეტება – The Guardian

ინგლისში ბარები და რესტორნები მუშაობას საღამოს 10 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრნდობით. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა.

ამასთან, The Guardian-ის ინფორმაციით, პოლიცია 1 000 ფუნტით დააჯარიმებს და ასევე დააკავებს იმ პირებს, ვინც ბარებსა და რესტორნებში 2-მეტრიან დისტანციას არ დაიცავს. პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ახალი რეგულაციების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს, 22 სექტემბერს გააკეთებს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებს “მკაცრად და სწრაფად” მოქმედება ურჩიეს, რადგან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ყოველკვირეულად ორმაგდება, მეორე ტალღის გაგრძელებას კი კიდევ 6 თვის განმავლობაში ვარაუდობენ. ამასთან, ბრიტანეთის ხაზინა მიიჩნევს, რომ გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე ეკონომიკის ახალ დარტყმას ბევრი ბიზნესი ვერ გაუძლებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, მიუხედავად შეზღუდვების გამკაცრებისა, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მაინც შედარებით მსუბუქი გზა არიჩიეს, რადგან მთავრობის მრჩევლები სამეცნიერო დარგში ორკვირიანი სრული კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ხედავდნენ.

წესები შედარებით გამკაცრდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც მოსახლეობას სახლებში სხვა ოჯახებიდან ადამიანების დაპატიჟება და მათთან სტუმრობაც აეკრძალა.

რაც შეეხება ბიზნესს, The Guardian მანჩესტერის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით აქვეყნებს ერთ-ერთი ბარის მფლობელის ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ამბობს, რომ ბარი დღიური შემოსავლის 60%-ს სწორედ საღამოს 10 საათის შემდეგ გამოიმუშავებს.

ბრიტანეთის ლუდის და პაბების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ემა მაკლარკინის თქმით კი, ახალი წესები ამ სექტორში მოღვაწე ბიზნესების ნაწილს გააკოტრებს.

პარალელურად, ქვეყნის მთავარი მრჩეველი ჯანდაცვის და მეცნიერების საკითხებში ამბობს, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდა და თუ ამ ტემპით გაგრძელდება შემთხვევების ზრდა, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დღიური მაჩვენებელი 50 000-ს მიაღწევს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი შესაძლოა ყოველდღიურად 200 გარდაცვლილამდე გაიზარდოს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევები მკვეთრად მატულობს და ცვლილებები, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა შესრულდეს, ამჟამინდელი საფრთხეების პირდაპირპროპორციულია. ამასთან, მისი თქმით, მოცემულ მომენტში ქვეყანას უნდა ჰქონდეს საპასუხო რეაქცია და ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი როლი უნდა შეასრულოს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა კვების ობიექტებს უკავშირდება. გუშინ, 21 სექტემბერს, ქვეყანაში 4 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაისის შემდეგ ბრიტანეთში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის, პროფესორ კრის ვითის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს, რადგან მარტში დაწყებული პირველი ტალღისგან გასნხვავებით, “სეზონი ჩვენ წინააღმდეგაა, ახლა იწყება გვიანი შემოდგომა და ზამთარი, რაც რესპირატორული ვირუსებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. დიდი ალბათობით, ეს სეზონი ისეთივე ხელსაყრელი იქნება კოვიდისთვის, როგორც გრიპისთვისაა”. მისი თქმით, ვირუსი იქნება ექვსთვიანი პრობლემა, რომელსაც ერთობლივი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ.

The Guardian-ის ინფორმაციით, ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა თქვა, რომ ქვეყნის დედაქალაქში შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობას მიმართა. მისი თქმით, შეზღუდვების გამკაცრებაში იგულისხმება თავშეყრის ადგილებში პირბადეების სავალდებულო ტარება, განსაკუთრებით კი ,მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.

“მკაცრი ზომების მიღება დღეს აგვარიდებს დიდ საყოველთაო კარანტინს მომავალში, გადაარჩენს მეტ სიცოცხლეს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას”, – განაცხადა ხანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი