ახალი ამბები

ბიძინას ხელის ბიჭია — გეწაძე უგულავაზე

21 სექტემბერი, 2020 • 1877
ბიძინას ხელის ბიჭია — გეწაძე უგულავაზე

კახა გეწაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას პასუხობს.

უგულავას თქმით, გეწაძე “ბიძინას კაცის კაცია”, რაზეც გეწაძე ამბობს, რომ თავად უგულავაა “ბიძინას ხელის ბიჭი”.

“ჩემმა გამოჩენამ ძალიან გაანერვიულა იმიტომ, რომ მე პირადად ვფიქრობ, ეგენი [“ევროპული საქართველო”] ბატონი ბიძინას წისქვილზე ასხამენდნენ წყალს ყოველთვის. ადამიანი, რომელიც 5 წელი ქალაქის მერი იყო და ვერ გაბედა, ქალაქის რომელიმე ოლქში დამდგარიყო მაჟორიტარობის კანდიდატად, იმას რა პასუხი უნდა გავცე? გიორგი კაპანაძეზე ლაპარაკობს, რომ გიორგი კაპანაძის ხელის ბიჭიაო და ხელის ბიჭის ხელის ბიჭი ზუსტად ეგ არის, ხან ერთი კაცის ხელის ბიჭია ხოლმე და ხან მეორესი. მე ვთვლი, რომ ეგ [გიგი უგულავა] არის ბიძინას ხელის ბიჭი”, — განუცხადა რუსთავი 2-ს გეწაძემ.

გიგი უგალავა ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად კახა გეწაძის დასახელებას და ამბობს, რომ “სირცხვილია”.

უგულავას თქმით, გეწაძე ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის (რიჟა) პარტნიორია, რომელიც გიგი უგულავას საქმეში პროკურატურის მოწმე იყო. როგორც უგულავა ამბობს, ამოცანა გეწაძისნაირი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს, არათუ მაჟორიტარად დაყენება.

ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად — უგულავა გეწაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი