ახალი ამბები

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

21 სექტემბერი, 2020 •
ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ტაჯიკი ბიზნესმენებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„სამართალდამცველებმა ბრალდებულ ი.დ-ს მართვის ქვეშ არსებული “LEXUS GX”-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს “CZ”-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი“, – წერს გამოძიება.

ერთ-ერთი დაკავებულის, ბაქარ ფარეულიძის ძმა, ვახტანგ ფარეულიძე უარყოფს დაკავებულების მიერ ტაჯიკეთის მოქალაქეების გატაცებას და ამბობს, რომ ტაჯიკეთის მოქალაქეებს მათი ვალი ჰქონდათ. „მთავარ არხთან“ საუბარში  ფარეულიძემ თქვა:

„ვალი აქვთ ჩემი ახლობლების მაგ ტაჯიკებს, იყო ერთი-ორი შეხვედრა მაგათთან, რომ ვალი დაებრუნებინათ. [მათი მხრიდან იმის თქმა, რომ გაიტაცეს, არის] თავის დაცვის ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ ვალი არ დაებრუნებინათ და ჩვენი მხრიდან ზედმეტი შეწუხებები და ზედმეტი რეკვები არ ყოფილიყო“.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი