ნეტგაზეთი | მინსკში აქციის მონაწილეები დააკავეს მინსკში აქციის მონაწილეები დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

მინსკში აქციის მონაწილეები დააკავეს

რუსული გამოცემა TASS, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს მინსკში გამართულ საპროტესტო აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. გამოცემის ინფორმაციით ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს წარმომადგენელმა, ოლგა ჩემოდანოვამ დაუდასტურა.

“უნებართვო მიტინგებში მონაწილეობისთვის 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მინსკში. ხალხი არარეგისტრირებულ სიმბოლიკას იყენებს.

ჩვენ დღეს დილით გავაფრთხილეთ ისინი, თუმცა სამწუხაროდ ხალხი მაინც დადის გზებზე, ბლოკავენ მოძრაობას. ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა”, – განუცხადა გამოცემას ჩემოდანოვამ.

მინსკში გუშინ, 19 სექტემბერს გამართული აქციისას პოლიციამ ასობით მომიტინგე დააკავა. Reuters-ის ინფორმაციით, მინსკის ცენტრში 2000-მდე ადამიანი ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მსვლელობას მართავდა. მომიტინგეთა უმეტესობა ქალები არიან, რომლებსაც პოლიციამ გზა გადაუკეტა. მომიტინგე ქალები სკანდირებდნენ, რომ “ქალებს მხოლოდ მშიშრები სცემენ”.


ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. არაერთი მსხვილი ქარხნის მუშა გაიფიცა, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს. 14 სექტემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთან, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. პუტინმა ბელარუსის მთავრობის სამხედრო დახმარების მზადყოფნაც გამოთქვა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი