ახალი ამბები

ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო — აშშ-ს საელჩო მოსამართლე გინსბურგზე

19 სექტემბერი, 2020 • 1127
ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო — აშშ-ს საელჩო მოსამართლე გინსბურგზე
აშშ-ს საელჩო საქართველოში აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს გლოვობენ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ აშშ-ს ისტორიაში.

მათი განცხადებით, ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო.

“გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და ამავდროულად თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”, — ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, გინსბურგის საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში.

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. უზენაესმა სასამართლომ მისი გარდაცვალების მიზეზად პანკრეასის კიბოთი გამოწვეული გართულებები დაასახელა.

გინსბურგი 1970-იან წლებში ქალის უფლებების სამართლებრივი ბრძოლის შემოქმედი იყო და კულტურულ და ფემინისტურ სიმბოლოდ იქცა. ის იყო მეორე ქალი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. ის უზენაეს სასამართლოში 1993 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, დაინიშნა და მოსამართლეობის 27-წლიან პერიოდში ის სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერად ითვლებოდა.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ გინსბურგი გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი