“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს, 18 სექტემბერს, პარტიის ვაკის ოფისთან “ქართული მარშის” მიერ გამართულ აქციას მმართველი პარტიას უკავშირებს. როგორც ხაზარაძე ამბობს “ლელოს” წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” “მარშის” მსგავს ორგანიზაციებს იყენებს.
“ეს არის ბიძინა ივანიშვილის მარში, რუსული მარში, რომელიც ქართულ გარსშია შებურული და ძალიან შეწუხდნენ ჩვენი გაძლიერებით. თქვენ ხედავთ ენთუზიაზმსა და მუხტს, რომელიც ყველა ქალაქში თუ სოფელში გვხვდება. “ლელო” იზრდება. კონკრეტული პროგრამა აქვს, არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს და, ბუნებრივია, “ქართულ ოცნებას” და მის მესვეურს ეს არ აწყობს. ეს სცენა და კინო ნანახი გვაქვს, როცა ასეთი სატელიტები გამოდიან ასპარეზზე. მე მათ ვუთხარი და ახლაც მივმართავ, მარტო დაგელაპარაკებით, სადაც გინდათ… თბილისურად და კაცურად რომ ვთქვათ. თქვენი მოვარდნებისა და მარშების არავის ეშინია”,-ამბობს ხაზარაძე.
ქართულმა მარშმა” მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ “ლელოს” ოფისთან აქცია გამართა.
“ქართულმა მარშმა” “ლელოს” წევრებს მოუწოდა, მამუკა ხაზარაძეს გაემიჯნონ და “სამშობლოს სამსახურში ჩადგნენ”. თავდაპირველად “მარში” პარტიის ოფისის ბლოკირებას გეგმავდა, თუმცა აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა „ქართული მარშის“ აქციას „ლელოს“ ოფისთან და განაცხადა, რომ ეს „ქართული ოცნების“ სტრატეგიაა. სერგი კაპანაძემ „ქართულ მარშს“ უწოდა მმართველი პარტიის „ერთ-ერთი ფრთა, ისევე, როგორც პატრიოტთა ალიანსი“.