ახალი ამბები

კონფლიქტი ფინანსური საკითხების განხილვას არ უკავშირდებოდა – რაგბის კავშირი დაჭრის ფაქტზე

18 სექტემბერი, 2020 • 662
კონფლიქტი ფინანსური საკითხების განხილვას არ უკავშირდებოდა – რაგბის კავშირი დაჭრის ფაქტზე

სააქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა რამდენიმე დღის წინ რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რაგბის კავშირში გმობენ შემთხვევას, რომლის დროსაც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი დაიჭრა, მისი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიაა დაკავებული .

განცხადებაში გამგეობის წევრები ხაზს უსვამენ, რომ ინციდენტი არ უკავშირდება სრკ-ის ფინანსურ მდგომარეობას და მცდარია ინფორმაცია, თითქოს დაპირისპირებამდე აღნიშნული საკითხის გნახილვა მიმდინარეობდა:

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც რაგბის კავშირში განიხილებოდა სრკ-ს ფინანსური მდგომარეობა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ამ დროს რაგბის კავშირში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ, რომელიც განახლდება ამა წლის 9 ოქტომბერს”, – წერია განცხადებაში.

რაგბის კავშირის გამგეობაში აცხადებენ, რომ იმ წარმატების ფონზე, რომლის ფარგლებშიც ბორჯღალოსნები რვა ერის სარაგბო ტურნირზე იასპარაზებენ, ვრცელდება გარკვეული დესტრუქციული განცხადებები, რომელიც მათი თქმით, საქმეს არ წაადგება:

“მთავრობასთან შეთანხმებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი თორნიკე გოგებაშვილის დანიშნვის შემდეგ, დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორების პროცესი და სახეზე გვაქვს პირველი დადებითი შედეგები. ახლა არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომის დროა. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ თორნიკე გოგებაშვილს და ვფიქრობთ, რომ მას, გამგეობის წევრებს და კავშირის თანამშრომლებს უნდა მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება.

მით უმეტეს, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყები გვაქვს ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატი და ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თამაშებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – დღეს არის არა დაძაბულობის, არამედ მუშაობისა და ერთიანობის დრო ქართული რაგბის პროგრესის უზრუნველსაყოფად, რისკენაც მოვუწოდებთ ყველას” ,- აცხადებენ რაგბის კავშირის გამგეობაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას დასახული მიზნების მისაღწევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, იტოვებს უფლებას, ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს.

დაჭრის საქმეზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი