ახალი ამბები

არ ვიცნობდი, ოფისში მოვიდა, ბევრ თემაზე მესაუბრა – რამიშვილი „სატელიტის ფოტოების“ წყაროზე

18 სექტემბერი, 2020 • 962
არ ვიცნობდი, ოფისში მოვიდა, ბევრ თემაზე მესაუბრა – რამიშვილი „სატელიტის ფოტოების“ წყაროზე

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ არ იცნობდა დავით ფურცხვანიძეს, — წყაროს, რომელმაც მიაწოდა „სატელიტის ფოტოები“, — ის თავად დაუკავშირდა, ოფისში მიაკითხა და „ბევრ თემაზე“ ესაუბრა. ფოტოებს პროკურატურა ყალბს უწოდებს.

„მე ყველას ვენდობი, ვისაც სურვილი აქვს, ამ საქმეში, ამ ბინძურ ორგანიზებულ მკვლელობაში, დამეხმაროს. ვენდობი ყველას“, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს რამიშვილმა და თქვა:

„ადამიანი დამიკავშირდა, მოვიდა ოფისში, მესაუბრა ბევრ თემაზე, გამეცნო, ვინც იყო… არანაირი კავშირი არ მქონია, არც ვიცნობდი, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ძალიან განათლებული ადამიანია“.

მიხეილ რამიშვილმა რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა, რომ პირი, ვისგანაც „სატელიტის ფოტოები“ მიიღო, დავით ფურცხვანიძე იყო. პროკურატურამ განაცხადა, რომ „სატელიტის ფოტოები“ „დილეტანტურად“ იყო გაყალბებული.

დავით ფურცხვანიძე, თავის მხრივ, საკუთარ წყაროს არც „ნეტგაზეთთან“ ასახელებს და ამბობს, რომ არც გამოძიებას დაუსახელებს.

ფურცხვანიძე ასევე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე „დიდი საქმის“ ნაწილია, რომელსაც იძიებს და რომელიც „ჯერჯერობით პროცესშია“. გაიგეთ „ნეტგაზეთის“ სტატიიდან, თუ ვინ არის ის და რა ვიცით მის შესახებ:

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი