რუსმა და ბელარუსელმა მომღერლებმა ჩაწერეს სიმღერა, რომლის ტექსტსა და სათაურშიც ალექსანდრე ლუკაშენკოს ციტატა ფიგურირებს. სოციალურ მედიაში გამოხმაურებების შემდეგ, კლიპის მონაწილე შემსრულებელთა ნაწილმა უარყო, რომ სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩაიწერა.
ფილიპ კირკოროვის, ნიკოლაი ბასკოვის, დიანა ღურწკაიას, ანიტა ცოისა და სხვათა მიერ ჩაწერილი 3.5-წუთიანი კლიპი ბელარუსული ჯგუფის, “აურას” იუთუბ-არხზე გამოქვეყნდა. სიმღერის სახელწოდებაა “ძვირფასს არ თმობენ”. ფრაზა ლუკაშენკომ 4 აგვისტოს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მძლავრ საპროტესტო მოძრაობამდე რამდენიმე დღით ადრე, სიტყვით გამოსვლისას გაახმიანა.
“ჩვენ ვდგავართ ბელარუსის უკან – სუფთა და ნათელი, პატიოსანი და ლამაზი, მშრომელი, ცოტათი ნაივური და დაუცველი [ბელარუსისა]. მაგრამ ის ჩვენია, ჩვენთვის ძვირფასია, ძვირფასს კი არ თმობენ”, – აღნიშნა მაშინ ლუკაშენკომ.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კლიპში მონაწილე რუსი მომღერლების – ალექსანდრე ბუინოვისა და ფილიპ კირკოროვის – წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არცერთმა მათგანმა არ იცოდა, თუ სიმღერას პოლიტიკურად აღიქვამდნენ.
“ბუინოვი უბრალოდ მუსიკოსია. პიანონოზე უკრავს და მღერის”, – თქვა ბუინოვის პროდიუსერმა Open Media-სთან საუბრისას და აღნიშნა, რომ მომღერალს უბრალოდ შესთავაზეს კლიპში მონაწილეობა, რასაც ის დათანხმდა და არაფერი იცოდა ლუკაშენკოს ციტატის არსებობაზე სიმღერის ტექსტში.
ასეთივე კომენტარი გააკეთა ფილიპ კირკოროვის წარმომადგენელმაც: მისი თქმით, “მომღერალს არ შეუსრულებია რაიმე სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად”.
Youtube-ზე გამოქვეყნებულ კლიპს გამორთული აქვს როგორც კომენტარების, ისე შეფასების ფუნქცია.
ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. არაერთი მსხვილი ქარხნის მუშები გაიფიცნენ, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.
ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს. 14 სექტემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთან, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. პუტინმა ბელარუსის მთავრობის სამხედრო დახმარების მზადყოფნაც გამოთქვა.
ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.