ახალი ამბები

ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალადობა წინასაარჩევნოდ – საიას ანგარიში

17 სექტემბერი, 2020 • 961
ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალადობა წინასაარჩევნოდ – საიას ანგარიში

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი ივნისიდან აგვისტომდე გამოვლენილ დარღვევებს მოიცავს. ორგანიზაციის თანახმად, ანგარიშში გააერთიანეს ქმედებებიც, რომლებიც, შესაძლოა, თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენდეს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა.

საიას დამკვირვებლებმა გამოავლინეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან :

  • სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 5 შემთხვევა (მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა);
  • ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის 5 შემთხვევა;
  • ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის 6 შემთხვევა.

“განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა.

ამას გარდა, მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფა

  • მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია

საიას განცხადებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც პანდემიის კრიზისის დროს შეიქმნა, მთავრობა ვალდებულია, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს მკაფიო ხაზი გაავლოს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის; ცხადი გახადოს, რომ სოციალური პროგრამების შემუშავება სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა მმართველი პარტიის კეთილი ნება წინასაარჩევნოდ.

ორგანიზაციის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” ეს ვერ შეძლო, მეტწილად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის როლზე მუდმივი აქცენტირების გამო.

“ამის მაგალითია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ასეთი მასშტაბური სოციალური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა „StopCov ფონდში“, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით. იქამდე მან ეს უშუალოდაც განაცხადა.

ფაქტობრივად, იგივე პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, როდესაც თქვა, რომ ფინანსურად ამ მასშტაბურ კამპანიას ზურგს ფონდის მთავარი შემომწირველი (იგულისხმება ყოფილი პრემიერი) უმაგრებს”, – აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

  • ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდა

მთავრობის 2020 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდა და ონკოპაციენტისთვის გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 8 000 ლარით გაიზარდა.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებაა და ამგვარი გადაწყვეტილებები სახელმწიფომ წლის დასაწყისში ბიუჯეტისა და პროგრამების დაგეგმვის დროს უნდა მიიღოს.

“არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი ინიციატივა, მმართველი პარტიის კამპანიის მიზნებიდან გამომდინარე, ამომრჩევლით მანიპულირებისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზანს ემსახურება”, – ვკითხულობთ კვლევაში.

  • თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერა

თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით, ათასამდე მოქალაქეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება ჩამოეწერა.

ორგანიზაცია ამ შემთხვევაშიც აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური წნეხების შემსუბუქება მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმას საია ამომრჩევლის გულის მოგებაზე გათვლილ მანიპულაციად მიიჩნევს.

“მინისტრს ამის გაკეთება [საარჩევნო] კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის გასაჯაროების დრო წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა. ეს კიდევ ერთი მანიპულაციაა. ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომლებიც ამ დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკრძალავს”, – წერს საია.

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების სამსახურში არყოფნა მმართველი პარტიის არჩევნებისწინა შეხვედრის პარალელურად

2020 წლის 31 აგვისტოს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის მაღალმთიანეთიდან, მიშა ბოლქვაძემ, Facebook-ის პირდაპირი ვიდეოჩართვით აჩვენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაცარიელებული შენობა და საჯარო მოხელეების გამოკეტილი კაბინეტები.

კადრებში ჩანს, რომ შენობასთან პარალელურად მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ შეხვედრა, სადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები აჭარის მაღალმთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენდნენ.

პერიოდი, როცა ჩართვა მიმდინარეობდა, მერიის შიდაგანაწესით, სამუშაო დროა. საიას ცნობით, ამ დროს ჩართვაში დასახელებული პირებიდან მხოლოდ 1 მათგანი იყო შვებულებაში. ვიდეოში საუბარია, რომ დასახელებული პირები და სხვა საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ ზემოაღნიშნულ შეხვედრაში, თუმცა მათი იდენტიფიცირება ამ კადრებით შეუძლებელია.

“საია მოუწოდებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს საკუთარი თანამშრომლების სამსახურში არყოფნის მიზეზები, განსაკუთრებით კი, მათი მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე დასწრების საკითხი და ბრალდების დაფიქსირების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები”, – წერია კვლევაში.

ამომრჩევლის მოსყიდვა

  • “ლელო” 

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს არასამთავრობო ორგანიზაციაზე, სახელწოდებით “მოძრაობა მომავლისთვის – მომო”, რომელიც მამუკა ხაზარაძის “ლელოსთან” არის აფილირებული. ორგანიზაციის თავმჯდომარე თეონა დოლენჯაშვილი და მმართველი საბჭოს წევრები, ამავდროულად, “ლელოს” წევრებიც არიან.

ორგანიზაცია 2020 წლის 5 თებერვალს დაფუძნდა და საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული. მაგალითად , მიმდინარე წლის მარტში წამოიწყო პანდემიით დაზარალებული ადამიანებისთვის საქველმოქმედო კამპანია „დავეხმაროთ ერთმანეთს“, პირველ ივნისს კი მახინჯაურში, სამედიცინო ასოციაცია ,,თანას“ მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლის მობინადრეებისთვის სარეცხი მანქანა, წიგნები და სათამაშოები გადასცა.

ივლისში ორგანიზაციამ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. ორგანიზაციის მესვეურებმა ინიციატივის მიზეზად პანდემიით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე დაასახელეს.

კანონმდებლობით პარტიას ეკრძალება სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის საჩუქრების, ფულადი სახსრების, სხვა მატერიალური და არამატერიალური სახსრების გადაცემა.

ამასთან, საია ხაზს უსვამს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ფაქტობრივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ შემთხვევაში, გალში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულნი და ხმასაც ჩვეულებრივ აძლევენ. ევროპის საბჭოს რეკომენდაციები კი პირდაპირ მიუთითებს, რომ იძულებით გადაადგილებულები საარჩევნო პროცესის განმავლობაში დაცულნი უნდა იყვნენ მანიპულაციისგან.

  • “ქართული ოცნება”

მმართველი პარტიის შემთხვევაში, ივლისში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და  „ქართული ოცნება- ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქციის მოწყობას.

ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ვეტერანებსა და სხვებს უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

“…აქციაში რამდენიმე პრობლემური გარემოება იკვეთება:  ა(ა)იპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლისთვის“ ორგანიზაციის პრეზიდენტის – ქეთევან ბარათელისა და პარტნიორების – თამარ ბარათელისა და მედეა აზარაშვილის მიერ დაფუძნდა 2013 წელს.

ოფიციალური მონაცემებით, ორგანიზაცია არის აპოლიტიკური და მას შეხება არ აქვს მმართველ პარტიასთან, თუმცა მისი ლოგო „ქართული ოცნების“ ლოგოს მსგავსია და სახელიც აძლიერებს აფილაციის განცდას. ამდენად, ორგანიზაციის საქმიანობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ აღიქმება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საიას შეფასებით,  „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ვოლსკის ქმედება ემსახურებოდა საქართველოს მოქალაქეების დაინტერესებას უფასო მომსახურების გაწევით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ. საიას შეფასებით, ეს არის მოსყიდვა, ვინაიდან პოლიტიკურ გაერთიანებას კანონმდებლობით ეკრძალება კანდიდატის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება.

ანგარიშში ასევე ნახსენებია აგვისტოში „ტვ პირველის” მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ქობულეთის ერთ- ერთ მარკეტშია გადაღებული.  ჩანაწერში ჩანს, რომ დახმარებას პირადი მონაცემების სანაცვლოდ გასცემდნენ, მოქალაქეები კი ამბობენ, რომ ბოსტნეულს მმართველი პარტია, კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიგებენ.

“საიას წარმომადგენელი მარკეტის მეპატრონეს გაესაუბრა. მეპატრონის თქმით, მას დაუკავშირდა ქობულეთის აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი და სასათბურე მეურნეობის პროდუქტების უფასოდ დარიგებაში დახმარება სთხოვა. როგორც ირკვევა, ეს მაღაზია ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებს და კონკრეტულად ამ ღონისძიებისთვის ამუშავდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშებს შეიცავს და დასადგენია, რამ გამოიწვია მოქალაქეების მიერ აღქმა, რომ პროდუქტებს მმართველი პარტია არიგებდა.

  • “პატრიოტთა ალიანსი”

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 6 აგვისტოს ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ჯამში, 77 ადამიანს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს.

თეატრის დირექტორი, დავით ოქიტაშვილი ადასტურებს, რომ ფინანსური დახმარება „კარფურმა“ და ირმა ინაშვილმა გაიღო.

საია ამ შემთხვევაშიც ციტირებს კანონს პარტიის მხრიდან მოქალაქისთვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაუშვებლობაზე და მიიჩნევს, რომ ირმა ინაშვილმა ამომრჩეველი მოისყიდა.

ძალადობრივი ქმედებები, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნა და წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლა

  • მოჭიდავეების მობილიზება აჭარაში

2020 წლის 7 მაისს მოჭიდავეები – რევაზ წულუკიძე და ელდარ ანთაძე -აპრილში მომხდარ ჩხუბზე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ოჯახები და ახლობლები მათ დაკავებას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ ისინი წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარის გამო დასაჯა.

“ერთ-ერთი დაკავებულის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ საიას მონიტორთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არსებული ხელისუფლების პირობებში ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგომის იმედი არ აქვს. ის და მისი ძმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან…

მისი თქმით, პოლიცია და კრიმინალები ქალაქში ერთად მოქმედებენ, მის ახლობლებზე მიდის ზეწოლა და როცა დახმარებას პოლიციას სთხოვენ, ხშირად აქვთ უსიამოვნება და რამდენჯერმე უცემიათ კიდეც. იგი ასევე ამტკიცებს, რომ თორნიკე რიჟვაძის მამას ჰყავს თავის ზონდერ ბრიგადა მოჭიდავეების სახით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე ახსენებს ტელეკომპანია “ფორმულას” სიუჟეტსაც, რომელშიც გახმიანდა ცნობა ხელისუფლების მხრიდან ყოფილი სპორტსმენების არაფორმალურ ორგანიზებულ ჯგუფებად მობილიზების შესახებ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამის მონაწილეობით. აქვე ნახსენებია შეხვედრაც, რომელიც პოლიციის სამმართველოში გაიმართა და სადაც აწ უკვე დაკავებული მოჭიდავეებიც იმყოფებოდნენ. საიას ამ ცნობას ფირუზ წულუკიძე უდასტურებს.

“საიას მონიტორინგის მისიამ მოიპოვა ქვითრები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 19 და 24 მარტს ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მეუღლეებს ერთჯერადი სოციალური დახმარება, თითოეულს 2 ათასი ლარი ჩაერიცხა.

რევაზ წულუკიძის თქმით, ეს იყო წინასწარი დახმარება მათ დასაინტერესებლად, ხოლო კვალის ასარევად თანხები მათი ცოლების ანგარიშებზე ჩაირიცხა. აჭარის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარება ამავე ოჯახების განცხადების საფუძველზე გაიცა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ იუსტიციის მინისტრმა არაპირდაპირ შესთავაზა ის, რასაც აქამდე თორნიკე რიჟვაძის მამა სთავაზობდათ. თეა წულუკიანის უწყების პრესცენტრიც ადასტურებს შეხვედრას ქუთაისში, თუმცა თეა წულუკიანი გამორიცხავს საუბარს წულუკიძე- ანთაძის საქმესთან დაკავშირებით.

საია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეისწავლოს აქ მოყვანილი ფაქტები, მათი დადასტურების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, ხოლო წულუკიძე-ანთაძის საქმე უნდა გადაწყდეს მიუკერძოებლად.

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა გორში

26 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი დაარბიეს. დააკავეს კაცი, რომელმაც, გამოძიების თანახმად, ოფისს ქვები ესროლა, ასევე გაიტანა ტექნიკა. ენმ-ში ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს დარბევის უკვე მეოთხე შემთხვევაა, თუმცა არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

მომხდართან დაკავშირებით საიას მონიტორინგის ჯგუფი თვითმხილველებს გაესაუბრა. პირები, რომლებმაც თავდამსხმელის ჩაცმულობის დანახვა შეძლეს, ამბობდნენ, რომ მას „ქართული ოცნების” სიმბოლოიანი მაისური ეცვა. საია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს ამ შემთხვევის ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება.

  • „ლელო“ სოფელ დიცში არ შეუშვეს

9 ივლისს პარტია ,,ლელოს” წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ისინი სოფლის შესასვლელთან, საქართველოს შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ოფიციალური პოზიციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილება საფრთხის შემცველია. მიუხედავად ამისა, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება” და მისი აქტივისტები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

“მას შემდეგ, რაც ,,ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ აპირებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს პროკურატურას, პარტიის წარმომადგენლებს დაბრკოლებები მოეხსნათ. ისინი მოსახლეობას 2020 წლის 30 ივლისს შეხვდნენ.

პარტიის წევრები უფლებამოსილნი იყვნენ, შეუფერხებლად შეხვედროდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ამომრჩევლებს. ამდენად, ეს ფაქტი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლაა, რაც დანაშაულია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

  • ენზელ მკოიანის საქმე

20 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელდა მარტში მომხდარი ინციდენტის ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მისდევს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში პირს, სავარაუდოდ, „პარტრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს. დაპირისპირებაში მათი ნათესავებიც მონაწილეობდნენ.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. მკოიანის მიმართ, რომელიც ასევე ისროდა, გამოძიება არ დაწყებულა. საიას შეფასებით, სათანადოდ არ მოქმედებდა არც ადგილზე მყოფი პოლიცია.

“სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება აჩვენებს ენზელ მკოიანის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს მმართველი პარტიის წარმომადგენელი მომავალში, ხოლო ოპოზიცია პირიქით – დათრგუნოს, რაც, მთლიანობაში, დაამახინჯებს საარჩევნო გარემოს”, – წერს საია.

  • ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

30 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხდომაზე, საკრებულოს განკარგულებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ვაჟა თავდგირიძეს საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის გამო უფლებამოსილება შეუწყდა.

27 ივლისს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ, რომელმაც წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობის(დიაგნოზის, მკურნალობის კურსის) მიუხედავად, ვაჟა თავდგირიძის ქმედება არასაპატიოდ მიიჩნია.

საიას მოსაზრებით, საკრებულოს ამგვარი გადაწყვეტილება სამართლიანი პოლიტი- ური კონკურენციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რაც ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს და ზრდის პოლარიზაციას.

  • პარტიის „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერსა და სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმა

2020 წლის 13 აგვისტოს ანა დოლიძესა და მის მხარდამჭერებს, საარჩევნო კამპანიის დროს, წერეთლის N105-ში უცნობი პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც კანდიდატის წერილობით მომართვაშია განმარტებული, უცნობი პირები პარტიის წარმომადგენლებს ამომრჩევლებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ და, ამასთან, მათ მიერ ტერიტორიის დატოვებასაც მოითხოვდნენ.

პარტიამ საიას გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. ვიდეოში ისმის აგრესიული გამოძახილები და გინება. გამოძიება მუქარის ბრალდებით დაიწყო.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშში, კლასიფიკაციის გარეშე, მოხვდა სხვა ფაქტებიც, მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსის” ბანერებისა და “რესპუბლიკური პარტიის” რეგისტრაციის საკითხი. კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი