ახალი ამბები

თბილისის წიგნის XXII ფესტივალი ონლაინ გაიმართება

17 სექტემბერი, 2020 •
თბილისის წიგნის XXII ფესტივალი ონლაინ გაიმართება

თბილისის წიგნის რიგით XXII საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების და მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიიღეს.

“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის ორგანიზატორებმა საფუძვლიანი განსჯისა და ყველა შესაძლო რისკის შეფასების შედეგად, ასევე პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერს სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება” ,- აცხადებენ ორგანიზატორები.

მათი განცხადებით, სიტუაციის დამძიმებისა და კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ფესტივალის ჩატარება ExpoGeorgia-ს პავილიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი რისკის შემცველი იყო როგორც ფესტივალის მონაწილეების, ისე სტუმრებისთვის.

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს, 12:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს, 12-დან 19 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ- გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

თბილისის წიგნის ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას და თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება ვებგვერდზე www.gpba.ge, მონაწილეების კატალოგების ბმული კი ორშაბათს, 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი