ახალი ამბები

19% არცერთ ტვ-ს არ ენდობა, სოცმედიიდან 38% იღებს ინფორმაციას – IRI-ს კვლევა

17 სექტემბერი, 2020 • 1030
19% არცერთ ტვ-ს არ ენდობა, სოცმედიიდან 38% იღებს ინფორმაციას – IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ არცერთ ტელევიზიას არ ენდობა, ყველაზე მეტი კი „იმედს“ ენდობა.

კვლევა 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი — 40% — ამბობს, რომ ტელევიზიებს შორის „იმედს“ ენდობა.

„იმედის“ შემდეგ მოდის „მთავარი არხი“ 16%-იანი რეიტინგით. სამეულში შედის ასევე „რუსთავი 2“ 11%-იანი რეიტინგით.

მე-4 ადგილზეა „ტვ პირველი“ — 5%-ით, რომელსაც მოსდევს „პალიტრანიუსი“ 1%-იანი რეიტინგით.

თითო-თითო პროცენტი აქვთ ასევე აჭარის ტელევიზიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, „ფორმულას“ და „ობიექტივს“.

1%-ზე ნაკლებმა გამოკითხულმა დაასახელა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ და „პოსტივი“.

წყარო: IRI

რესპონდენტებს შანსი ჰქონდათ, ორი ტელევიზია დაესახელებინათ. ზემოთ ჩამოთვლილი რეიტინგებში ასახულია მხოლოდ პირველად დასახელებული არხები. ჯამში, პირველი და მეორე არჩევანი ამ არხებზე ასეთი იყო:

  1. იმედი – 50%
  2. რუსთავი 2 – 34%
  3. მთავარი არხი – 24%
  4. ტვ პირველი – 15%
  5. საზოგადოებრივი მაუწყებელი – 6%
  6. აჭარის ტელევიზია – 4%
  7. ფორმულა – 4%
  8. პალიტრანიუსი – 3%
  9. ობიექტივი – 3%
  10. სხვა – 3%
  11. პოსტივი – 2%
  12. ერთსულოვნება – 1%
  13. არცერთი – 19%
  14. არ ვიცი/პასუხი არა მაქვს – 1%

კითხვის ფორმულირება იყო, თუ რომელი ტელევიზიის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან რესპონდენტები ყველაზე მეტად.

სოციალური მედია

მკვლევრებმა რესპონდეტებს ჰკითხეს, იყენებენ თუ არა სოციალურ მედიას ინფორმაციის მისაღებად პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების შესახებ. ამ კითხვას 38%-მა უპასუხა დადებითად, ხოლო 61%-მა თქვა, რომ სოციალურ მედიას არ იყენებს ამ მიზნით. 1%-ს პასუხი არ გაუცია.

ასაკობრივი ჩაშლა

საინტერესოა, როგორ გასცეს ამ კითხვაზე პასუხები სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფებმა. კვლევის თანახმად, 18-29 წლის ასაკის ადამიანების 58% ამბობს, რომ იყენებს სოციალურ მედიას ამ ინფორმაციის მისაღებად, 41% კი არ იყენებს.

30-49 წლის ასაკის ადამიანებში 46% ამბობს, რომ სოცმედიას პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იყენებს, 54% კი- არა.

50 წელს გადაცილებული ადამიანების მხოლოდ 21% იყენებს სოციალურ მედიას ამ ინფორმაციის მისაღებად.

წყარო: IRI

იმ 38%-ს (ანუ 570 ადამიანს), რომელიც ამბობს, რომ პარტიების და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სოციალურ მედიას იყენებს, გამოკითხეს, ენდობა თუ არა ასეთ ინფორმაციას უფრო მეტად, ვიდრე ტრადიციული მედიიდან, კერძოდ კი, ტელევიზიიდან მიღებულ ცნობებს.

15%-მა თქვა, რომ სოციალურ მედიაში მიღებულ ინფორმაციას გაცილებით უფრო მეტად ენდობა, ვიდრე ტელევიზიებს; 65%-მა თქვა, რომ, ასე თუ ისე, უფრო მეტად ენდობა სოციალურ მედიას. 11%-მა თქვა, რომ, ასე თუ ისე, უფრო ნაკლებად ენდობა სოციალურ მედიას, 5%-მა კი თქვა, რომ გაცილებით ნაკლებად ენდობა.


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი,ს რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი