ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენა “ეროვნული უსაფრთხოების ძირის გამოთხრისთვის”. აღნიშნული ბრალდება მაქსიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

კოლესნიკოვა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პარალელურად შეიქმნა. საბჭო მალევე გახდა სახელმწიფო გამოძიების ობიექტი. ამ დროის მონაცემებით, საბჭოს 7 წევრიდან 6 ან დაპატიმრებულია, ან იძულებით არის გაძევებული ქვეყნიდან. ჯერჯერობით ბელარუსში თავისუფლებაზე რჩება საბჭოს მეშვიდე წევრი, ნობელიანტი მწერალი სვეტალანა ალექსიევიჩი.

მარია კოლესნიკოვა 8 სექტემბერ ბელარუს-უკრაინის საზღვარზე დააკავეს. ბელარუსის ხელისუფლება ქვეყნიდან მის გაძევებას ცდილობდა, რა დროსაც კოლესნიკოვამ საზღვარზე პასპორტი დახია და ამ გზით აიცილა დეპორტი.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა და გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც ქვეყანას უკვე 26 წელია მართავს. არჩევნების შედეგები არ აღიარა ოპოზიციამ, რის შემდეგაც მასშტაბრუი საპროტესტო აქციები დაიწყო. არჩევნების შედეგები არ სცნო ევროკავშირმაც.

მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვისა, ლუკაშენკო ამ დრომდე უარს აცხადებს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე.

რა მოუვიდა კოლესნიკოვას და რას ედავებიან მას – აქტივისტების ნაამბობი