ახალი ამბები

გერმანიაში 29 პოლიციელს ათავისუფლებენ ულტრამემარჯვენე ჩატებში აქტივობების გამო

16 სექტემბერი, 2020 • 860
გერმანიაში 29 პოლიციელს ათავისუფლებენ ულტრამემარჯვენე ჩატებში აქტივობების გამო

გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში, 29 პოლიციელს სამსახურიდან ათავისუფლებენ ულტრამემარჯვენე მიმართულების ჩატებში აქტივობების გამო. გამოძიების ფარგლებში პოლიციის ჯგუფებმა მათივე კოლეგების სახლებსა და ოფისებში რეიდი ჩაატარეს. ბრალდებულთა მიმართ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გაატარებენ, რაც გულისხმობს როგორც დათხოვნას, ისე პასუხისგებაში მიცემას.

გამოძიებამ გამოკვეთა მინიმუმ 5 ჯგუფი WhatsApp-ში, რომლებიც 126 ელექტრონულ ფოტოს მოიცავს, მათ შორისაა, ადოლფ ჰიტლერის სურათები და ფოტომონტაჟი, რომელზეც გამოსახულია მიგრანტი გაზის კამერაში. სწორედ ამ ჯგუფების წევრები იყვნენ ბრალდებული პოლიციელები.

“დოიჩე ველეს” თანახმად, ადგილობრივი პოლიციის უფროსი შოკირებულია იმით, რომ ბრალდებულთაგან არცერთს განუცხადებია აღნიშნული ფოტოების გავრცელების შესახებ თავისი უფროსისთვის. ამჟამად, 29-ვე მათგანი გამოძიების ქვეშაა; აქედან 14, დიდი ალბათობით, გათავისუფლდება, 11-ის მიმართ კი, რომლებიც მასალების გავრცელებაში მონაწილეობდნენ, სისხლის სამართლის წარმოება დაიწყება. დისციპლინური დევნა ელით დანარჩენ პირებსაც.

მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა სამარცხვინო უწოდა პოლიციელთა საქციელს.

“ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებისა და ნეონაცისტების ადგილი ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის პოლიციაში არ არის. თავიდან არც მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს მართლა ხდებოდა”, – აღნიშნა ჰერბერტ რეულმა პრესკონფერენციაზე.

გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ მობილური ტელეფონი, რომლითაც ერთ-ერთი ჯგუფური ჩატი შეიქმნა, 32 წლის პოლიციელს ეკუთვნის. ჩხრეკისას ასევე იპოვეს ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის ფოტოსურათები.

მასალების გადაბეჭდვის წესი