რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები მკურნალობენ, პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ერთ-ერთი, ვინც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძეა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
მან კლინიკაში არსებულ ვითარებაზე “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ არსებული პირობები, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე მომსახურების თვალსაზრისით, არ შეიძლება სტანდარტი იყოს. საჯაროდ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმის შესწავლა ომბუდსმენმაც დაიწყო.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან საბრძოლველად მზაობას გამოთქვამს და გარკვეული რაოდენობის საწოლფონდზე საუბრობს, სისტემა მზად არ არის და პაციენტების უფლებები დაცული არაა.
“მე რომ დავრეკე 112-ზე, სასწრაფომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანა, მე ჩამიყვანეს ცხელების განყოფილებაში და იქ მომიწია 24 საათის განმავლობაში ყოფნა. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ სივრცეში წინასწარი პატიმრობის დროსაც არ უნდა ამყოფო ადამიანი, ეს არ არის სწორი. ეს არის სარდაფი, სადაც არ არის ფანჯრები და არ არის იმის საშუალება, რომ ადამიანმა სრულფასოვნად იგრძნო თავი.
გარდა ამისა, ყველა სარდაფში მოგვაქციეს. ჩემი აზრით, აბსოლუტურად დარღვეულია ყველანაირი უსაფრთხოების სტანდარტები იმათთვის, ვინც არ არიან ინფიცირებულები. იმიტომ, რომ საერთო სველი წერტილია და ყველა იმით სარგებლობს. ამიტომ გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს იქ რაიმე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მე მივედი, დამიდასტურდა ვირუსი და მე ვსარგებლობდი საერთო სველი წერტილით. ამ ვითარებაში სხვა პაციენტების უსაფრთხოება ცალსახად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაისვას, მე არ ვიცი, კითხვებს ვუსვამ სამედიცინო მუშაკებს”, — განაცხადა ფოფხაძემ.
როგორც ფოფხაძე ამბობს, რესპუბლიკურ საავამყოფოში მოხვედრის შემდეგ 24 საათი “მშრალ შიმშილობაზე” ყოფნა მოუწია, რადგან მისთვის საკვები არ შეუთავაზებიათ.
“არავის არ გახსენებია, რომ ადამიანს 24 საათის განმავლობაში შეიძლება საკვები დასჭირდეს. 24 საათის განმავლობაში მე მშრალი შიმშილობის რეჟიმში ვიყავი, არც წყალი, არც საჭმელი… ონკანი მქონდა და შემეძლო წყალი დამელია, მაგრამ საკვების და ჩაის მხრივ არავის არ გავხსენებივარ. შეიძლება, მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი რომ ადამიანს სადმე ამყოფებ, რაღაც უნდა შესთავაზო”, — განაცხადა მან.
მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯერ უთხრეს, რომ ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო როცა წასვლა დააპირა, უკან მოაბრუნეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი ანალიზების პასუხი კოვიდდადებითი იყო.
“მეორე დღეს, როცა უკვე ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდის განყოფილებაში, იქ აგრეთვე ძალიან ბევრი ნეგატიური მომენტი იყო. ყველაზე არ მინდა საუბარი, ხაზს გავუსვამ მხოლოდ იმას, რომ თუ 39 არ გაქვს ტემპერატურა, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს, რომ შენ არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარები, წამალს არ მოგიტანენ და გადასხმას არ გაგიკეთებენ. ეს, ჩემი აზრით, არასწორია” , — განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძემ სახალხო დამცველს მიმართა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული ვითარებით დაინტერესდეს. როგორც მან დღეს, 16 სექტემბერს, ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, ომბუდსმენი უკვე დაუკავშირდა და ესაუბრა.
“ნეტგაზეთი” სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ომბუდსმენმა უკვე დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ვინც რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, თაკო ჩარკვიანია. კლინიკაში ჩარკვიანის კორონავირუსით ინფიცირებული დედაა მოთავსებული.
როგორც თაკო ჩარკვიანმა ტვ “პირველთან” საუბრისას აღნიშნა, დედამისს, რომელიც უსინათლოა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადოდ უვლიან.
“გაკრიალებული ჩაიბარა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ერთი ნაწოლი არ ჰქონია. 3 დღეში მოხუცს აქვს ნაწოლები. არ ვლაპარაკობ იმ უხეშობაზე, როგორც ექთნები იქცეოდნენ. შეიძლება გაღიზიანდნენ, ალბათ, ბევრ კითხვას უსვამდა მოხუცი იმიტომ, რომ უსინათლია და მარტო რომ აღმოჩნდა ამ ვითარებაში, კითხულობდა, თაკო სად არისო”, — აცხადებს ჩარკვიანი.
ფოფხაძის მსგავსად, რესპუბლიკური საავადმყოფოს კვებითი მომსახურებით უკმაყოფილოა ჩარკვიანიც. მისი თქმით, კლინიკაში პაციენტებს დაგვიანებით აჭმევენ.
“საბედნიეროდ, დედა კრიტიკულად ავად არ იყო. ახლა ამ ნაწოლებისგან შეიძლება სიცხეც დაეწყოს და ყველაფერი. ან რა მოპყრობაა ეს, საკვები შედის ორის ოც წუთზე, კიდევ კარგი, დიაბეტი არ აქვს. დედაჩემს მთელი ჩემი სამეგობრო პატრონობს გარეთ, თქვენ წარმოგიდგენიათ, მოხუცები რა დღეში ჰყავთ?” — აცხადებს ის.
როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის საქმიანობით პირველივე შესაძლებლობაზე დაინტერსდება.
“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა პასუხები აქვთ კრიტიკაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში. თუმცა კლინიკაში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.