ირანის ხელისუფლებაში ალაპარაკდნენ ახალი კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ის, ვინც რეკომენდაციებს არ იცავს, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს.
“პროგნოზები გვიჩვენებს კორონავირუსის მესამე ტალღისკენ სვლის პროცესს და, როგორც ჩანს, ის თეირანში უფრო ადრე ფორმირდება, ვიდრე სხვა ქალაქებში”, – აღნიშნა ალირეზა ზალიმ, კორონავირუსის მიმართულებით დედაქალაქზე პასუხისმგებელმა კოორდინატორმა, “რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახურის თანახმად.
COVID-19-ის ყველაზე მძიმე შედეგები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის სწორედ ირანში ფიქსირდება. ოფიციალურად აღრიცხულია ვირუსის 407 000 შემთხვევა, საიდანაც 23 400-ზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
თუმცა გასულ თვეში BBC-ის სპარსული სამსახურის საგამოძიებო გუნდი იუწყებოდა იმის შესახებაც, რომ ქვეყანა რეალურ რიცხვებს მალავს და ირანში გაცილებით დიდია კორონავირუსის როგორც გავრცელების, ისე მისგან სიკვდილიანობის მასშტაბები.
ირანში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულოა. ასევე, არაერთგზის გახმიანდა მოწოდებები მოგზაურობისაგან თავის შეკავებისკენ.