ახალი ამბები

ირანი COVID-19-ის რეალურ რიცხვებს მალავს: BBC

3 აგვისტო, 2020 • 1012
ირანი COVID-19-ის რეალურ რიცხვებს მალავს: BBC

ირანში ახალი კორონავირუსის აღრიცხულ შემთხვევათა და დაღუპულთა ოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ამას რესპუბლიკის მთავრობა ამბობს. ამის შესახებ BBC-ის სპარსული სამსახურის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი. ტელეკომპანიის თანახმად, ხელისუფლებამ ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 1 თვით გვიან გახადა საჯარო.

მონაცემები, რომლებიც BBC-ის წყარომ მიაწოდა, მთავრობას ეკუთვნის, თუმცა გაუსაჯაროებელია. ამ რიცხვების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ს ემსხვერპლა 42 000 ადამიანი და არა 14 405, როგორც ამას ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს. ამასთან, შემთხვევათა რიცხვი 451 024-ს შეადგენს, მაშინ როცა მთავრობის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებში 278 827 ინფიცირებულზეა საუბარი.

ტელეარხის მიერ მოპოვებული სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ირანში 22 იანვარს დაფიქსირდა. ირანის ხელისუფლებამ პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ თებერვალში განაცხადა.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ საჯარო შედეგების რეალურთან აცდენის ტენდენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება, რაც დიდწილად ტესტების ოდენობითაა განპირობებული. თუმცა, გამოძიების მიხედვით, ირანის ხელისუფლება ასაჯაროებდა არსებულზე გაცილებით ნაკლებ რიცხვებს მაშინ, როცა დაღუპულთა შესახებ რეალური მონაცემები ხელთ ჰქონდა. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ამ მონაცემებს შეგნებულად მალავდა.

ანონიმური წყაროს მიერ  BBC-სთვის მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყნის კლინიკათა მონაცემებს, ადამიანების სახელებს, ასაკს, სქესსა და პერიოდს, რომელიც საავადმყოფოში გაატარეს. წყარო ამბობს, რომ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობს, რადგან სურს, “სიმართლეს ნათელი მოჰფინოს” და დაასრულოს “პოლიტიკური თამაშები” ვირუსის გარშემო.

ირანში ვირუსთან დაკავშრებული შეზღუდვები მარტში, ნოვრუზის(ირანული ახალი წლის) დღესასწაულზე ამოქმედდა, რამაც შემთხვევათა მკვეთრი კლება გამოიწვია. თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მასშტაბები ისევ გაიზარდა. ბოლო კვირებში ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ირანის ჯანდაცვის უწყება ქვეყნის უსაფრთხოების  სამსახურების ზეწოლის ქვეშ იყო. პირველები კი, ვინც განგაში ატეხა და სახელმწიფო აიძულა, განეცხადებინა ქვეყანაში ვირუსის არსებობის შესახებ, იყო ორი ძმა ქალაქ ყუმიდან. ორივე მათგანი ექიმია. მათ COVID-19-ით ძმა დაეღუპათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი