ახალი ამბები

სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს – ჯანმოს პრეზიდენტი

16 სექტემბერი, 2020 • 2387
სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს – ჯანმოს პრეზიდენტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტის, თედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიკეტოს. ამის შესახებ გებრეისუსმა გუშინ, 15 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით UNESCO-მ, UNICEF-მა და WHO-მ ახალი გაიდლაინები გამოაქვეყნეს.

“ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. დროებით და მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა გებრეისუსმა.


11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ნებისმიერი სახის სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში დაიწყებოდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან ერთად, სწავლა დისტანციურად დაიწყო საქართველოს რამდენიმე სოფელსა და მთლიანად აჭარაში.

გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველ ოქტომბრამდე დარჩება, ამ პერიოდს კი რისკების სწორი შეფასებისთვის გამოიყენებენ.

სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით იმავე ბრიფინგზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამასთან, ასეთ ქალაქებში მაღალია ინტერნეტიზაციის დონეც, რაც სწავლის ჰიბრიდული მეთოდით დაწყებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემილოგები რამდენიმე თვით ადრე ამბობდნენ, რომ სასწავლო წელი საკლასო ოთახებში უნდა დაწყებულიყო. 14 აგვისტოს კი განათლების სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც 15 სექტემბრისთვის მაღალი კლასის მოსწავლეებს შერეული სისტემით უნდა დაეწყოთ სწავლა, I-IV კლასის მოსწავლეებისთის კი გაკვეთილების ჩატარება უშუალოდ სკოლის შენობაში სავალდებულო იქნებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოში ეპიდსიტუაცია გართულდა და დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების მატება. კერძოდ, 2 სექტემბრის შემდეგ საქართველოში Covid-19-ის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობდა, 11 სექტემბერს კი ვირუსი 87 ადამიანს დაუდასტურდა. ეს რიცხვი საქართველოსთვის ანტირეკორდული მაჩვენებელი იყო.

16 სექტემბრის დილის მონაცემებით კი კორონავირუსი ბოლო 24 დღის განმავლობაში 196 ადამიანს დაუდასტურდა.

პირველი შეხება სკოლასთან… ონლაინ

მასალების გადაბეჭდვის წესი