ახალი ამბები

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, შესაძლოა, “ოდეერი” იყოს — IDFI

16 სექტემბერი, 2020 • 1969
რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, შესაძლოა, “ოდეერი” იყოს — IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) თანახმად, 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

ორგანიზაციამ საჯარო სამსახურში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების და მათთვის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკა შეისწავლა და გააანალიზა  6 სამინისტროდან, 42 სსიპ-დან და სხვა დამოუკიდებელი უწყებებიდან მიღებული მონაცემები.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ საჯარო სამსახურში ხელშეკრულებით დასაქმების ანალიზისას განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმების არსებული პრაქტიკა, როგორც ფუნქცია-მოვალეობის ბუნდოვანებით, ასევე, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრული შრომის ანაზღაურების სიდიდით.

“მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში, სავარაუდოდ, გამოიყენება ე.წ. „ოდეერიების“ (ОДР – офицер действующего резерва) ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის დასანიშნად. რაც გულისხმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით, სამსახურის წარმომადგენლის დანიშვნას სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში”, — ვკითხულობთ კვლევაში.

2015 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა (სულ 25 უწყება). მოცემული სია განსაზღვრავს იმ სახელმწიფო უწყებებს, სადაც შესაძლებელია მივლინებულ იყვნენ ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში, ე.წ. „ოდეერები“.

სავარაუდო “ოდეერი” რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში?

IDFI-ის კვლევის თანახმად, პრაქტიკაში შესაძლებელია არსებობდეს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ე.წ. „ოდეერები“ საქმიანობას ახორციელებენ იმ უწყებებში, რომლებიც მთავრობის მიერ დადგენილ აღნიშნულ ნუსხაში არ შედის.

მაგალითად, IDFI-ს ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგის განხორციელებისას ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო სსიპ- რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნებულმა არასრულყოფილმა მონაცემებმა.

მათი ინფორმაციით, ამ უწყების ვებ-გვერდზე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი უკლებას ბიოგრაფიული მონაცემები დაფარული იყო.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი უკლებას დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვს, რადგან ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე თანამდებობის პირებად არ ითვლებიან.

“ამასთან, 2017 წელს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის საფუძველზეც საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარაა იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რომელთა თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული.“ სწორედ ამ ცვლილების შედეგად სხვადასხვა თანამდებობის პირების, მათ შორის გიორგი უკლებას მიერ 2016 წლამდე შევსებული დეკლარაციები სისტემიდან წაშლილია”.

თუმცა, IDFI-ის განცხადებით, ორგანიზაციის არქივმა შემოინახა მისი 2013-2014 წლების დეკლარაციები, რომლითაც დასტურდება, რომ ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილე და ამავე დროს სავარაუდოდ ასრულებდა ე.წ. „ოდეერის“ მოვალეობას სხვადასხვა უწყებაში.

2013 წლის ივლისში სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველად დაინიშნა. ამასთან, 2013-2014 წლის მარტის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს ასევე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ის შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის თანაშემწე და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი.

“აღნიშნული გარემოებები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ გიორგი უკლება კვლავ ასრულებდეს ე.წ. ოდეერის ფუნქცია-მოვალეობას ისეთ უწყებაში, რომელიც მთავრობის დადგენილებით არ მიეკუთვნება სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხას”.

ნეტგაზეთი ცდილობს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან და პრესსამსახურთან დაკავშირებას.

სავარაუდო “ოდეერი” შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში?

ე.წ. „ოდეერის“ მივლინების შესაძლებლობა ასევე არ არის გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ არცერთ უწყებაში.

მიუხედავად ამისა,  IDFI-ისთვის ეჭვებს აჩენს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მრჩევლის პოზიცია, რომლის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს ცენტრის დირექტორისათვის რჩევების მიცემა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

“აღნიშნული პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობები თანხვედრაშია ზემოთ განხილული პირების მაგალითებთან, რომელთა შესახებ მოსაზრება, სავარაუდოდ, „ოდეერად“ მუშაობის შესახებ, ასევე, გამყარებულია მათი ბიოგრაფიული მონაცემებით”

როგოც IDFI- ში აღნიშნავენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირის ვინაობა და ბიოგრაფიული მონაცემები არ გაასაჯაროა, ხოლო მოწოდებული სამუშაოს აღწერილობა არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას მისი რეალური ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი