ახალი ამბები

ეროვნული ბანკი 40 მლნ დოლარს გაყიდის

16 სექტემბერი, 2020 • 991
ეროვნული ბანკი 40 მლნ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი დღეს, 16 სექტემბერს, 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის, რაც მიმდინარე წელს სებ-ის მიერ განხორციელებული მე-13 სავალუტო ინტერვენცია იქნება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, 2020 წელს ბანკმა სავალუტო ბაზარზე თითქმის 400 მლნ აშშ დოლარი გაყიდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ცენტრალური ბანკი გეგმავს, ბაზარს რეზერვებიდან წლის ბოლომდე 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი მიაწოდოს.

“სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მლნ აშშ დოლარი. ამ უპრეცედენტო წელს ჩვენ ბაზარს საჭიროების შემთხვევაში რესურსებს მივაწვდით და ასე ვაკეთებთ კიდეც. დღესაც ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის”,-ამბობს გვენეტაძე.

ბოლო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკა 10 სექტემბერს განახორციელა და სავალუტო ბაზარზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ამის მიუხედავად, ლარი დოლართან უფასურდება, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.15 ლარი, ერთი ევრო კი 3.75 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი