ახალი ამბები

სენაკის ბაზაზე მომსახურე სამხედროს Covid-19 დაუდგინდა – სამინისტრო

16 სექტემბერი, 2020 • 1008
სენაკის ბაზაზე მომსახურე სამხედროს Covid-19 დაუდგინდა – სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას ვირუსი სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე, გამოკვლევის პროცესში დაუდგინდა. აქედან გამომდინარე, სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სახედრო ბაზის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.

“სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდემიოლოგიურად საშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მას გამოკვლევა ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა,” – წერია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2 758 გახდა. Covid-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი 144 ადამიანს დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი