ახალი ამბები

ოპოზიციის გამოხმაურებები ევროპარლამენტარების გზავნილებზე

15 სექტემბერი, 2020 • 1384
ოპოზიციის გამოხმაურებები ევროპარლამენტარების გზავნილებზე

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშრირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ევროპელი დეპუტატების გზავნილები მიუთითებს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების აუცილებლობაზე.

ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვა. ანგარიშის განხილვის დროს ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის: ოკუპაციაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, 8 მარტის შეთანხმებაზე, გიორგი რურუაზე, ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილოვან მმართველობასა” და კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით,  ისე ქვეყნის გარეთაც, ვითარება გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვისაა მომწიფებული.

“ევროპარლამენტის დოკუმენტში და ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც. ეს ტენდენცია მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები”, — აცხადებს დავით ბაქრაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით კი, ევროპარლამენტარების შეფასებები “უმძიმესია”, განსაკუთრებით კი ის, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ “ჩრდილოვან მმართველობაზე” საუბრობენ.

“არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებას. შეფასებები უმძიმესია, კვლავ ნახსენებია, რომ ქვეყანა იმართება „ჩრდილოვანი მეთოდით” ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს სიტყვაა გამოყენებული.  ასევე ის, რომ ქვეყანაში კვლავ არიან პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ გაათავისუფლონ გიორგი რურუა”, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები მიუთითებს, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის ნგრევა მიმდინარეობს.

“ევროპარლამენტარების განცხადებები ცხადყოფს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა შეექმენა საქართველოსთვის ისეთი ქვეყნის იმიჯი, სადაც არის ჩრდილოვანი მმართველობა, სადაც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, სადაც არის კონტროლირებადი მედია და კონტროლირებადი სასამართლო. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის ნგრევა შევაჩეროთ და ეს ხელისუფლება გავისტუმროთ 31 ოქტომბერს”,  — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტარების გზავნილებიდან  “ჩრდილოვან მმართველობაზე” ამახვილებს ყურადღებას “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში  ჩრდილოვანი მმართველობა ვერაფრით აიხსნება, მათ შორის, ვერც ჭარბი ნდობით.

“ამას [ჩრდილოვან მმართველობას] ახსნა და გამართლება არ აქვს. უბრალოდ, პატივს არ უნდა სცემდე შენ საკუთარ მოსახლეობას, რომ თან იყო მმართველი და თან ვითომ არ ხარ მმართველი. ანუ თან საქმეები აკეთო და როგორც გინდა, ისე დაალაგო ყველაფერი და თან პასუხისმგებლობა გვერდზე აიცილო და გუნდს გადააბრალო. არ გამოვა, ხალხი ბრიყვი არ არის და ყველამ კარგად იცის, რომ სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება”, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტია “სამართლინობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელის თქმით,  ევროპარლამენტარების გზავნილებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“  სხვა გზა არ რჩება, გარდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა.

“თუ ეს არ მოხდება, ბუნებრივია, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება ძალიან ღიად ეჭვქვეშ. ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ღია გზავნილი. ასე არ უგდებდა ყურს მმართველი პარტია, როცა მართლმსაჯულების რეფორმაზე ესაუბრებოდნენ პარტნიორები, ჯიუტად გააგრძელეს ეს გზა და მივიღეთ ეს შეფასებები, რაც მივიღეთ, და ახლა დაჩქარებული წესით აინიცირებენ მოსამართლეების არჩევის კანონს”, — განაცხადა ბესელიამ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით კი, ევროპარლამენტარების განცხადებები მიანიშნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არ სურთ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში.

“ევროპარლამენტართა ეს განცხადებები, ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა არანაკლებ მწვავე განცხადებები, ნიშნავს იმას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობას ხელისუფლების სათავეში არ სურს იხილოს ბიძინა ივანიშვილი და პუტინის ბანდა”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სამართლიანი არჩევნები, ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა” — ევროპარლამენტარების გზავნილები

 

 

 

სამართლიანი არჩევნები, ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა” — ევროპარლამენტარების გზავნილები

მასალების გადაბეჭდვის წესი