ნეტგაზეთი | ნასრინ სოთუდე: დაპატიმრებული ირანელი უფლებადამცველი 1 თვეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს ნასრინ სოთუდე: დაპატიმრებული ირანელი უფლებადამცველი 1 თვეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს – Netgazeti
RU | GE  

ნასრინ სოთუდე: დაპატიმრებული ირანელი უფლებადამცველი 1 თვეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს

ცნობილი ირანელი უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე, რომელიც ორ წელიწადზე მეტია, რაც პატიმრობაშია, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ამ ფორმით ის გმობს ირანის ციხეებში არსებულ მძიმე პირობებს, მათ შორის, არაადამიანურ გარემოს ქალ პატიმართა განყოფილებაში. აქტივისტმა საკვების მიღება 1 თვის წინ შეწყვიტა, საერთაშორისო საზოგადოება კი კვლავ ითხოვს მის გათავისუფლებას.

ნასრინ სოთუდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ირანელი უფლებადამცველია, რომელიც 2010 წლიდან დღემდე არაერთგზის ყოფილა პატიმრობაში. სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაც იცავდა, რომლებიც სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში.

ბოლოს ის 2018 წლის ივნისში დააკავეს, 2019 წელს კი 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯეს. სახელმწიფო მას “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა” და “ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას” ედავებოდა. ირანული კანონით, უშუალოდ ციხეში სასჯელის ნაწილი, მინიმუმ, 12 წელი უნდა მოიხადოს.

ნასრინ სოთუდემ შიმშილობა 11 აგვისტოს დაიწყო. მისი ქმრის ცნობით, ორი კვირის შემდეგ უფლებადამცველს უკვე 6 კილო ჰქონდა დაკლებული, არ შეეძლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შაქრისა და წყლის მიღება. მიუხედავად ამისა, იგი უარს აცხადებს მკურნალობაზე და გამორიცხავს პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვის შეწყვეტას.

უფლებადამცველის მხარდასაჭერად ონლაინ კამპანიის პარალელურად, მის დახმარებას ცდილობენ ევროკავშირშიც: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ, ბელგიელ ევროპარლამენტარ მარია არენასთან ერთად, გასულ თვეში მოუწოდა ირანის ოფიციალურ პირებს, მოესმინათ სოთუდეს მოთხოვნებისთვის. ჰაუტალამ “დოიჩე ველეს” უთხრა, რომ ირანის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებასაც შეეცადა ქვეყანაში ევროკავშირის საელჩოს მეშვეობით.

“ჩანს, რეჟიმს მართლაც სჯერა, რომ ნასრინ სოთუდე საფრთხეს წარმოადგენს მისი არსებობისთვის. ამიტომაცაა, რომ ასე უხეშად ექცევიან”, – აცხადებს ის და ხაზს უსვამს, რომ უფლებადამცველის სიცოცხლე საფრთხეშია.

ორგანიზაცია Human Rights Watch ციტირებს ირანში ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი სააგენტოს ანგარიშს, რომელშიც საუბარია ციხეებში არსებულ მძიმე პირობებზე. ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი საპყრობილე გადატვირთულია და პატიმრები მოკლებულნი არიან ელემენტარულ პირობებს, მათ შორის, ჰიგიენის უფასო საგნებსა და ცხელ წყალს.

ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემია ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვირუსის პირველი ტალღის დროს ირანის ციხეებიდან პატიმართა ნაწილი დროებით გაათავისუფლეს, თუმცა პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველების დიდ ნაწილს აღნიშნული ღონისძიება არ შეხებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან