“ვერ გაგვაჩუმებთ!” – ირანელი ქალების მხარდაჭერა დაპატიმრებულ უფლებადამცველს

უფლებადამცველ ნასრინ სოთუდეს, რომელსაც მისი ოჯახის თქმით, ირანის სასამართლომ 38- წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯა, ირანელი ქალები სოლიდარობას პარტიზანული პროტესტით უცხადებენ. შესაბამის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინეჟადი ავრცელებს, რომელიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის(თავსაბურავის) საწინააღმდეგო კამპანიის დამფუძნებელია.

ერთ-ერთი ვიდეო თეირანის მეტროშია გადაღებული. კადრებში ორი ქალი ჩანს, რომლებიც ვაგონში, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალების გარემოცვაში, სავალდებულო ჰიჯაბის გარეშე დგანან. ისინი სიმბოლურად თეთრ ყვავილებს არიგებენ და ნასრინ სოთუდეს ფოტოთი ხელში  მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.

“ის ციხეში იმიტომ ზის, რომ ჩვენ გვიჭერს მხარს. ახლა ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ მას მხარდაჭერა. მოდით, გავერთიანდეთ ქალები, ოღონდ არა ერთმანეთის წინააღმდეგ”, – ამბობენ ისინი და ვაგონში მყოფ სხვა ქალებს ყვავილებს აწვდიან.

კიდევ ერთ ვიდეოში ორი ქალი ჰიჯაბის გარეშე გადაადგილდება ქუჩაში. კადრებში ერთი მათგანი საუბრობს და მხარდაჭერას უცხადებს როგორც ნასრინ სოთუდეს, ისე სხვა უფლებადამცველებსა და ყველა იმ ქალს, რომლებიც ჰიჯაბზე უარის თქმისთვის არიან დაკავებულნი.

“ჩვენ ვართ ნასრინ სოთუდე. ჩვენ ვართ სეფიდე ყოლიანი(ირანელი სამოქალაქო აქტივისტი). ჩვენ წარმოვადგენთ იმ ქალების ხმას, რომლებიც ციხეში სხედან ჰიჯაბზე უარის თქმის გამო. მთავრობას შეუძლია, დაგვაპატიმროს, მაგრამ ისინი ვერ გაგვაჩუმებენ. არა სავალდებულო ჰიჯაბს, არა ომს!” – აცხადებს ის, მეორე ქალი კი ამატებს: “არა ძალადობას!”

ამავე გზავნილებით ვიდეო კიდევ ერთმა ირანელმა ქალმა ჩაწერა, რომელიც აუდიტორიას ეუბნება:

“თავისუფლება ვერ შეიზღუდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნით დაგვაპატიმრებთ, უფრო მეტნი ვიქნებით”.

კამპანიის “ტვიტერის” გვერდზე განთავსებულ სხვა ვიდეოში ახალგაზრდა კაცი ჩანს, რომელიც ასევე აპროტესტებს ქალების შევიწროებას ირანში.

“ჩვენ ვართ კაცები, რომლებიც მხარს გიჭერთ ქალებს და ვაპროტესტებთ. ვაპროტესტებთ ნასრინ სოთუდეს დაპატიმრებას. ვაპროტესტებთ ყველა იმ ირანელი ქალის დაკავებას, რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან. მე ვარ ნასრინ სოთუდე”, – აცხადებს ის.

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ გავლენიან ირანელ ადამიანის უფლებათა დამცველს, ნასრინ სოთუდეს, თეირანის სასამართლომ 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯა. ამის შესახებ მისი ოჯახი იტყობინებოდა. მიუხედავად ამისა , ირანის სახელმწიფო მედია, სასამართლოზე დაყრდნობით, გაცილებით მცირე სასჯელის შესახებ საუბრობდა და იტყობინებოდა, რომ უფლებადამცველს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ნასრინ სოთუდე, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი, სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაც იცავდა, რომლებიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში. ის ივნისში დააკავეს და ადვოკატის ცნობით, ბრალად დასდეს აგენტობა, პროპაგანდის გავრცელება და ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის შეურაცხყოფა.

ირანის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე ევროკავშირისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

ნასრინ სოთუდე

ნასრინ სოთუდე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან