ახალი ამბები

როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი

15 სექტემბერი, 2020 • 1368
როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით განახლდა.

მათ შორისაა თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის სკოლები.

ასევე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო ახმეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის სოფლებში — ზოტსა და ჩხაკაურაში და გორის სოფელ ქიწნისში.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს სწავლა დისტანციურად დაიწყო აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში, ასევე, ხელვაჩაურის სასწავლო დაწესებულებებშიც.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, აქ სასწავლო დაწესებულებებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა ევალებათ.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, პროექტი “ტელესკოლა” კვლავ იქნება დისტანციური სწავლების  მნიშვნელოვანი კომპონენტი .
ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს.

“მე, როგორც, მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის. ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ”, — განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

რა წესების შესრულება ევალებათ სკოლებს 15 სექტემბრიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი