ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთში მინდა” – სომხეთში აქციები იმართება

15 სექტემბერი, 2020 • 907
“რუსეთში მინდა” – სომხეთში აქციები იმართება

სომხეთში, მთავრობის შენობასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან, დაახლოებით ერთი თვეა, რაც რუსეთში დაბრუნების მოთხოვნით აქციები იმართება, სახელწოდებით “რუსეთში მინდა”.

დემონსტრანტები, რომელთა შორის როგორც სომხეთის, ასევე, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები არიან, რუსეთში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს, ავტომობილებისთვის კი სპეციალური კორიდორის გახსნას მოითხოვენ. ინფორმაციას სომხური გამოცემა epress.am ავრცელებს.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი რუსეთში ცხოვრობენ, სომხეთში კი სხვადასხვა მიზეზით [ქორწილი, დაკრძალვა, დოკუმენტაციის მოგვარება] ჯერ კიდევ კარანტინამდე ჩამოვიდნენ და მძევლებად დარჩნენ, მათი ოჯახები კი რუსეთში არიან.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილი ამბობს, რომ რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე მიდის ხოლმე და, შესაბამისად, ამჟამად ეს შესაძლებლობა წაერთვათ.

სომხეთის ხელისუფლება საპასუხოდ აცხადებს, რომ საზღვრების გახსნა მხოლოდ სომხეთზე არ არის დამოკიდებული.

“საზღვარზე გადაადგილების აკრძალვა მეზობელი ქვეყნებისა და რუსეთის ანტიეპიდემიოლოგიური პოლიტიკითაა განპირობებული და სომხეთზე არაა დამოკიდებული”, – აცხადებს სომხეთის ხელისუფლება.

თუმცა ეს პასუხი დემონსტრანტებს არ აკმაყოფილებს. ისინი აცხადებენ, რომ “სომხეთის ხელისუფლება საკმარისად არ ცდილობს, რომ რუსეთი დაარწმუნოს და მოძმე ერს საზღვარი გაუხსნას”.

“პუტინს ვთხოვთ პირადად, გახსნას საზღვარი სომხეთის მოქალაქეებისთვის”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყნებმა შეზღუდეს როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო მიმოსვლა. სომხეთისთვის, რომელიც დღემდე ვირუსის მაღალი გავრცელებით გამოირჩევა, საზღვარი არც საქართველოს გაუხსნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი