ახალი ამბები

რუსეთი ბელარუსს 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

14 სექტემბერი, 2020 • 1662
რუსეთი ბელარუსს 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ეს ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი შეხვედრაა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებისა და საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ. ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები შიდაპოლიტიკური ხასიათისაა.

“თქვენ ჩვენი პოზიცია იცით – მომხრე ვართ, რომ ბელარუსი ხალხი თავისით, გარედან ყოველგვარი კარნახისა და ჩარევის გარეშე, მშვიდ რეჟიმში და ურთიერთდიალოგის საფუძველზე გაერკვიონ სიტუაციაში და მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, როგორ გააგრძელოთ მუშაობა”, – განაცხადა პუტინმა.

ამავე დროს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსს განიხილავს როგორც უახლოეს მოკავშირეს და ყველა შეთანხმებით, მათ შორის “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” (ОДКБ) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, თავის მხრივ, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მედია სიტუაციას არასწორად წარმოაჩენს.

“ჩვენ შაბათობით გვაქვს ქალების და გოგონების მარში, კვირას კი – საერთო მარში. სხვა დღეებში ქვეყანა ჩვეულებრივი ცხოვრებიდთ ცხოვრობს. უბრალოდ, შაბათ-კვირას მინსკის ნაწილს ვათავისუფლებთ, რათა ადამიანებმა, თუ ამის სურვილი აქვთ, გაიარონ. მთავარია, ზღვარი არავინ გადალახოს. თქვენთვის, უფრო მეტად, ვიდრე ჩემთვის, ცნობილია წითელი ხაზების შესახებ – თქვენ მოგიხდათ წითელი ხაზების გავლება ჩეჩნეთში, როდესაც ახალგაზრდა პრეზიდენტი იყავით. ღმერთმა არ ქნას იგივე ბელარუსში, მაგრამ საჭიროა წითელი ხაზების დაცვა, რომელიც ჯერჯერობით არავის დაურღვევია”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში. აღიშნინა, რომ ბელარუსი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს კორონავირუსის რუსულ ვაქცინას, რომლის გამოცდის ბოლო ეტაპი ახლა მიმდინარეობს. ითქვა, რომ რუსეთი ბელარუსს 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს, ისევე, როგორც განაგრძობს თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. დღეს, 14 სექტემბერს, რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო ძალების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები დაიწყო, თუმცა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წვრთნები ჯერ კიდევ გასულ წელს იყო დაგეგმილი.

დაკავებების ფონზე, მინსკში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი