საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.
ომბუდსმენის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულად კონცენტრირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებზე და კვლავ გადაუჭრელი რჩება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები პროცესის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.
“ცვლილება ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების არსებულ წესს, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის თვალსაზრისით. ცვლილებების წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს არა საკუთრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, არამედ „საბჭოს მდივნის დასაბუთებას“, რომელიც აღწერილობითი ხასიათისაა, შეიცავს ჩატარებული პროცედურის აღწერას და შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ზოგად დახასიათებას. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის და ცვლილება არ აუმჯობესებს არსებულ პროცედურას და მიღებულ გადაწყვეტილებას დასაბუთებულად არ აქცევს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
კანონპროექტის მეორე სიახლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების სპეციალური მექანიზმის შემოღებაა. სახალხო დამცველის განცხადებით, ამ ორგანოს წევრები დღეს უკვე არიან ის მოსამართლეები, რომლებიც პარლამენტმა მოქმედი ხარვეზიანი პროცედურის ფარგლებში აირჩია გასული წლის დეკემბერში და მაშინ, როდესაც თვით ამ მოსამართლეების შერჩევის პროცესში ადგილი არ ჰქონია დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო შერჩევის პროცესმა საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურებები ჰპოვა ყველა მნიშვნელოვანი აქტორის მხრიდან, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც ვერ ექნება ნდობა.
“კანონპროექტი ვერ პასუხობს სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და მათი მოგვარების მხოლოდ ნომინალურ მცდელობას წარმოადგენს”, – მიიჩნევს ლომჯარია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი იცვლება. ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას დაავალდებულებს, ხოლო კანდიდატს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას მისცემს.
ვინ არიან და რა საქმეებში ფიგურირებენ უზენაესში უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეები