რუსეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ლიდერობენ გუბერნატორობის კანდიდატები ვლადიმერ პუტინის პარტიიდან. თუმცა, ქალაქების საბჭოების ნაწილში იშვიათი გამარჯვებები მოიპოვეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოკავშირეებმა. თავად ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაუარესდა მას შემდეგ, რაც გერმანელი ექიმების თანახმად, სამშობლოში მოწამლეს.
ეკონომიკური პრობლემებისა და პანდემიის კრიზისის ფონზე, აღნიშნულ არჩევნებს არაერთი დამკვირვებელი განიხილავდა, როგორც ტესტს მმართველი პარტიისთვის “ერთიანი რუსეთი”, რომლის მიმართაც უკმაყოფილება მზარდია. არჩევნებს ასევე უძღოდა წინ ნავალნის მიერ წამოწყებული კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც ის მოსახლეობას ტაქტიკურად ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, მმართველი პარტიის ძალაუფლების შესარყევად.
როგორც Reuters წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, პუტინის მხარდაჭერილმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც გუბერნატორების არჩევნებში იყრიდნენ კენჭს, ყველა რეგიონში გაიმარჯვეს. თუმცა, იშვიათად მაღალი შედეგები აჩვენეს ალექსეი ნავალნის მოკავშირეებმაც: მათმა ნაწილმა მოიპოვა მანდატები მოსახლეობის რაოდენობით რიგით მესამე ქალაქის – ნოვოსიბირსკის საბჭოში, ტომსკის საბჭოში კი “ერთიანი რუსეთი”, სავარაუდოდ, უმრავლესობას კარგავს.
“ვფიქრობ, გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვბა ყოველივე იმის შემდეგ, რაც ტომსკში მოხდა”, – წერს ნავალნის თანაგუნდელი ქსენია ფედეევა. ნავალნი, სავარაუდოდ, სწორედ ტომსკში მოწამლეს.
საქალაქო საბჭოებში ადგილები მოიპოვეს ალექსეი ნავალნის სხვა თანაგუნდელებმაც, მათ შორის, 32 წლის ანდრეი ფატეევმა ტომსკში და აქტივისტმა სერგეი ბოიკომ – ნოვოსიბირსკში.
ნავალნის მოკავშირეთა ცნობით, ტომსკის საბჭოში პუტინის პარტიამ 12 მანდატი მოიპოვა 37-დან, მაშინ როცა 2015 წლის არჩევნებზე მან უმრავლესობა მოიპოვა ამავე უწყებაში. Reuters ციტირებს ტატიანა დოროშენკოს, ქალაქის საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც ამბობს, რომ ტომსკში მმართველი პარტიის ასეთი ცუდი შედეგი ბოლო 15 წლის მანძილზე არ ახსენდება.
“ეს არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, რომ შეგიძლია, ჩაერთო პოლიტიკაში და ეს არ იქნება უშედეგო, როგორც სულ ახლახან ჩანდა”,- ამბობს ანდრეი ფატეევი.
თავის მხრივ, “ერთიანი რუსეთის” გენერალური მდივანი პარტიის ზოგად შედეგს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მან “დამაჯერებელი გამარჯვება” მოიპოვა.
გასული არჩევნების მსგავსად, დამოუკიდებელი დამკვირვებლები ახლაც მიანიშნებდნენ დარღვევებზე არჩევნების პროცესში. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის ცნობით, დამკვირვებლებისთვის შეზღუდული იყო წვდომა დოკუმენტებზე და საჩივრის დაწერის უფლება; ასევე, ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრასა და რეალურ ბიულეტენთა შეცვლას.