ახალი ამბები

სოფელ მატანთან პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო – შსს

14 სექტემბერი, 2020 •
სოფელ მატანთან პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელის შესასვლელთან და გასასვლელთან საველე კარვები განათავსეს. შსს-ს ცნობითვე, არც მატანში და არც ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გასვლა არ იკრძალება, თუმცა საკონტროლო პუნქტზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩაუტარდებათ.

“უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ მატანში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება ​თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ატარებს. აღსანიშნავია, რომ სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები,” – აცხადებენ შსს-ში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, მატანში პირველ ოქტომბრამდე სწავლის პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2392 გახდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას  თქმით, გორში 5 სექტემბერს გამართული ასკაციანი ქორწილი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების მიზეზი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი