ახალი ამბები

ვინ და რატომ ითხოვს მომსახურების სფეროზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას

11 სექტემბერი, 2020 • 1309
ვინ და რატომ ითხოვს მომსახურების სფეროზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას

სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა, მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებმა და თვითდასაქმებულებმა რუსთაველის გამზირზე დღეს, 11 სექტემბერს აქცია გამართეს. მათი ძირითადი მოთხოვნა მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების გაუქმება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გავლაა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის და ბავშვთა გასართობ ცენტრ “მინიონების” წარმომადგენლის, გიორგი ლაღიძის თქმით კორონავირუსის პანდემიისას შემოღებული შეზღუდვების შედეგად ცენტრმა საბანკო ვალდებულებების გადახდა ვეღარ შეძლო, რის შედეგადაც მათ ერთ-ერთი ფილიალის გაუქმება მოუწიათ, შენობა კი ვალის გასტუმრების მიზნით ბანკმა ჩამოართვა:

“ჩვენს კომპანიას ერთ-ერთი ბანკიდან ჰქონდა სესხი აღებული. სანამ შეზღუდვები დაიწყებოდა ამ ვალს ჩვეულებრივად ვფარავდით, მაგრამ შეზღუდვების შემოღებასთან ერთად დაიწყო პრობლემები. ვეღარ მოვახერხეთ ნაკისრი ვალდებულების გასტუმრება, ბანკმა შეღავათები არ გაავრცელა ჩვენზე და წაიღეს კომპანიის ერთ-ერთი ფილიალი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ლაღიძემ.

მისი განმარტებით კომპანიის პრობლემები ამით არ დამთავრებულა, რადგან მათ სხვა ვალებიც აქვთ, რომლის გადახდასაც უმუშევრობის პირობებში ვერ ახერხებენ და არც ის იციან როდის შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. 

ფინანსური ვალდებულებების დაფარვა პრობლემას წარმოადგენს აქციაზე შეკრებილი სხვა ადამიანებისთვისაც, ვისი შემოსავლის წყაროც ძირითადად  ინდივიდუალური შეკვეთები იყო. ამ ადამიანებს შორისაა მზარეული ბექა სულთანიშვილი, რომელიც პანდემიის დაწყებამდე ერთ-ერთ რესტორანში შეფ-მზარეულად მუშაობდა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი მისმა რესტორანმა მუშაობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც სულთანიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, შეზღუდვების გაუქმების შემდეგ მან კერძო შეკვეთებზე დაიწყო მუშაობა და ამით ცდილობდა უმუშევრობის პერიოდში დაგროვილი ვალების გასტუმრებას, რომლის საერთო რაოდენობაც რამდენიმე ერთეული ათასი ლარია:

“ეს შეზღუდვები რომ მოიხსნა თავიდან ბოლომდე იმაზე გადავერთე, რომ არსებული ვალები გამესტუმრებინა ისე, რომ ოჯახისთვისაც დამრჩენოდა გარკვეული თანხა. რთული პროცესი იყო მაგრამ რაღაც ფულის გამომუშავებას მაინც ვახერხებდი. ახლა აიკრძალა ქორწილები, სადაც ძირითადად ვმუშაობდი და არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხო ოჯახში თანხის შეტანა, ან ვალების გასტუმრება” – განმარტა სულახინშვილმა.

მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მთავრობა გარკვეულ რეგულაციებს ისე აწესებს, რომ მათთან კონსულტაციებს არ გადის და არ ინტერესდება მათი საჭიროებებით:
” ჩვენ ვითხოვთ რომ ვინმე დაგველაპარაკოს და დაგვეხმაროს გამოსავლის მოძებნაში. 200 ლარიანი დახმარება არაფერია, კომუნალურების გასტუმრებისთვისაც არ გვყოფნის. ჩვენ გვინდა შევძლოთ მუშაობა და თავად გამოვიმუშავებთ საჭირო თანხებს” – ამბობს სულთანიშვილი.

მის მსგავსად შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კერძო შეკვეთებზე მუშაობა დაიწყო ივენთების ორგანიზატორმა, ნათია ყანჩელიშვილმაც. პანდემიის დაწყებამდე ის ერთ-ერთ რესტორნების ქსელში მუშაობდა, თუმცა როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მას გაცილებით ნაკლები ანაზღაურება შესთავაზეს, რასაც მან კერძო შეკვეთებზე მუშაობა არჩია.

“ამ პერიოდის მანძილზე მქონდა სხვადასხვა შეკვეთები, უმეტესად ყველა დამკვეთს ჰქონდა გადახდილი წინასწარ ავანსი, რომელიც ახლა უნდა დავაბრუნოთ, ოღონდ საიდან უნდა დავაბრუნოთ არ ვიცი, ეს თანხები უკვე გახარჯულია ისევ საქმისთვის. დამკვეთებისთვის თანხები დასაბრუნებელია და ამის გარდა ვრჩებით ისედაც ყველანაირი შემოსავლის გარეშე, რაზეც სახელმწიფოს არ აქვს არავითარი პასუხი. მთავრობა რეგულაციებს ისე იღებს, რომ არავინ არ ფიქრობს ჩვეულებრივ ადამიანებზე. კორონათი დაავადებული ადამიანების ზრდასთან ერათად იზრდება სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვიც, ამის სტატისტიკას კი ჩვენ არ გვაწვდიან” – განაცხადა ყანჩელიშვილმა. 

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც შეზღუდვები ფინანსურად შეეხო სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები არიან. მათი ინტერესების გასაჟღერებლად აქციაზე საქართველოს პროფკავშირები მოვიდნენ. პროფკავშირების ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიგა ბექაურის თქმით  შეზღუდვების შედეგად განსაკუთრებულად დაზარალდნენ კერძო თეატრები და იქ დასაქმებული ადამიანები. 

მისი განმარტებით, კულტურის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება მიუღებელია და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის თავიანთი ბიზნესი და სამსახურები ისეთივე შემოსავლის წყაროა, როგორც ნებისმიერი სხვისთვის:

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციები გაიარონ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თეატრებმა მუშაობა დაიწყონ იმ დროს, როცა უნდა დაეწყოთ, ანუ 1 ოქტომბერს. ერთ თვიანი გადავადება მათზე ძალიან ცუდად აისახება, რაც არასწორია” – განმარტა ბექაურმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქციის ორგანიზატორების თმით, იმ შემთხვევაშ თუ მათი მოთხოვნები უშუალო კონსულტაციების გავლასთან და შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, ისინი სამომავლოდ სხვა აქციების ჩატარებასაც არ გამორიცხავენ. მთავრობის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი