ახალი ამბები

ზუგდიდში ენმ-ის კანდიდატი, სავარაუდოდ, გიული ალასანია იქნება – ნაყოფია

11 სექტემბერი, 2020 • 3043
ზუგდიდში ენმ-ის კანდიდატი, სავარაუდოდ, გიული ალასანია იქნება – ნაყოფია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, სავარაუდოდ, ენმ-ის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველთან” ენმ-ის წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა:

“ქალბატონი გიულისთან და სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით იქნება წარდგენა და სავარაუდოდ, ის იქნება ზუგდიდის მაჟორიტარი” – ამბობს ნაყოფია ტელეკომპანია “პირველთან”.

მანამდე, ამავე ტელეკომპანიის ეთერსი ენმ-ის გადაწყვეტილება გიული ალასანიას მაჟორიტარად შესაძლო დასახელების შესახებ გააკრიტიკა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელმაც განაცხადა, რომ “პოლიტიკა არ არის საოჯახო ბიზნესი” და თქვა, რომ ალასანია სიმბოლური კანდიდატი იქნება.

უგულავას კრიტიკას ენმ-ში “ისტერიკას” უწოდებენ. კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, არჩევნების მძიმე შედეგებით დასრულება აშინებთ:

“ეს არის სიტერიკაში მყოფი ადამიანების კომენტარი მე ამას სხვანაირად ვერ შევაფასებდი, რადგან დარწმუნებულები არიან მათი არჩევნებში მონაწილეობა დასრულდება ძლაიან მძიმე შედეგით, ზუგდიდში აუცილებლად გაიმარჯვებს ქალბატონი გიული. ეს არის ჩვეულებრივი ისტერიკა, რომელიც ზღვარს ცდება. არ ვაპირებ ამის კომენტირებას” – ამბობს ნაყოფია გიგი უგულავას კრიტიკის საპასუხოდ.

გიული ალასანია “საქართველოს უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა 2006 წლიდან დღემდე. 2005 წლიდან დღემდე კი საერთაშორისო ასოციაციის “ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”, პრეზიდენტია.

1960-1980 წლებში ალასანია მუშაობდა ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1980 -19898 წლებში კი ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1989–2006 წლებში ალასანია დაინიშნა ინსიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგედ, 1999 წლიდან კი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორად.

გიული ალასანია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების შემსწავლელი კომისიის წევრი. 1990 წლიდან არის თსუ-ის ისტორიის მიმართულების პროფესორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი