ახალი ამბები

“კოვიდის II ტალღის მიზეზი “ოცნების” მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა – ზოდელავა

11 სექტემბერი, 2020 • 2131
“კოვიდის II ტალღის მიზეზი “ოცნების” მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა – ზოდელავა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა მიიჩნევს, რომ “მაღალი ალბათობით, კოვიდის მეორე ტალღის მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა”.

ზოდელავა Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მოქალაქეებს აფრთხილებს, მოერიდონ “ოცნების” ფულად კუპიურებს, ან მათთან შეხებისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

გაფრთხილდით – “ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბში არსებული შავი ფულის დამფასოებელთა ჯგუფის უმეტესობას კოვიდ-19 დაუდგინდა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული ფულის მასა გადანაწილდა “ოცნების” რეგიონულ შტაბებში და დაწყებულია მოსყიდვის მიზნით მათი გამოყენება. არჩევნებში რამდენიმე პროცენტით მეტი ხმის მისაღებად, ბიძინა მზად არის მთელი ერის ჯანმრთელობა და მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლეც კი გაწიროს”, – წერს ზოდელავა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ზოდელავას იმის გასარკვევად, მართლა ვარაუდობს, რომ კორონავირუსი “ქართული ოცნების” ფულით ვრცელდება თუ ამ განცხადებას პრევენციულად აკეთებს, რათა ამომომრჩევლებმა ფული არ აიღონ. ზოდელევა გვპასუხობს, რომ “ეს უკვე მოქალაქეების გადასაწყვეტია”.

“მოგეხსენებათ, “ქართული ოცნების” ოფისში კორონავირუსი დადასტურდა. ირიბი განმარტებები იყო, რომ ვირუსი დაუდგინათ ოფისის დამლაგებლებს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ სინამდვილეში იმ ადამიანების ინფიცირება მოხდა, ვინც ფულის დამთვლელები/დამფასოებლები არიან. ეს არაფორმალური შტატია. წესით და რიგით, რადგან ასეთი ფაქტი მოხდა და იქ იყვნენ თანამშრომლები, რომლებსაც დაუდგინდათ კოვიდი, ეს ფული უნდა დალუქულიყო, მაგრამ ამას ვერ იზამდნენ, რადგან არალეგალური ფულია, თუმცა სხვა მექანიზმებები შეეძლოთ ამოეღოთ ეს თანხა ბუნებიდან. ეს არ გაკეთებულა და ჩვენ გაგვიჩნდა ვარაუდი, მოსაზრება, რომ შემდგომ ეს თანხები გადანაწილდა რეგიონებში, როგორც ხდება ხოლმე წინასაარჩევნოდ [ამომრჩევლის მოსასყიდად] და გახდა ინფექციის წყარო. მე არ გამოვირცხავ, რომ ინფიცირების სხვა წყაროებიც არსებობს, მაგრამ ის, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო მთელ საქართველოში ვირუსის გავრცელების წყარო, ჩემთვის უდავოა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ეჭვია და რაღაც ირიბი ინფორმაციები, რომელთა წყაროს ვერ დავასახელებ”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მისი თქმით, ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა განაცხადოს, რომ არ არიგებს ფულს, ან არიგებს, მაგრამ ეს თანხა სტერილური და უსაფრთხოა.

ზოდელავა ამბობს, რომ კონკრეტული ხელშესახები ფაქტი “ქართული ოცნების” მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით ნაღდი ფულის დარიგების შესახებ არ აქვს, რადგან ამ ფულს “დღისით, ცენტრალურ მოედანზე არ არიგებენ, თუმცა ბავშვმაც იცის”, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს და ამაზე მეტყველებს წინა არჩევნების პრაქტიკაც.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ენმ-ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ზოდელავას განცხადების მიზანია, ამომრჩველებმა “ქართული ოცნებისგან” თანხა არ აიღონ, თუმცა ამბობს, რომ მმართველი პარტია ფულს არც არიგებს და ამომრჩეველთა მოსყიდვა არაფერში სჭირდება.

“მურთაზ ზოდელავა ჩარჩა იმ სამყაროში, რა სისტემაც ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისფულებას – რაც უფრო დიდი უბედურება იქნება, ის უნდა მოიფიქრონ და გადააბრალონ სხვას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მაჭარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი