ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მიმართვა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს

11 სექტემბერი, 2020 • 1544
მიმართვა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, უფლებადამცველი გიორგი ვანიანი და პოლიტიკური მიმომხილველი ზარდუშტ ალიზადე ერთობლივი სამშვიდობო გზავნილით სომხურ და აზერბაიჯანელ საზოგადოებებს მიმართავენ.

“ჩვენ, ორი მეგობარი, სომეხი გიორგი ვანიანი და აზერბაიჯანელი ზარდუშტ ალიზადე, რომლებიც თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების საშუალებით ერთობლივად ვცდილობთ სამხრეთ კავკასიის მეზობელ ხალხებს შორის შუღლისა და კონფლიქტის შეჩერებას, დიალოგის წარმართვას და სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ოდესღაც არსებული ნდობის აღდგენას, უკვე მეორედ, საჯაროდ მივმართავთ საკუთარ საზოგადოებებს.

შეშფოთებით ვაკვირდებით იმას, რომ ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე, სისხლისღვრისა და ნგრევის მორიგი რაუნდი, ამჯერად უფრო მასშტაბურად ემუქრება სომხეთსა და აზერბაიჯანს. ჩვენი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არათუ უფრთხის ომის გარდაუვალ უბედურებას, პირიქით, მზადაა ენთუზიაზმით გადაეშვას სიკვდილისა და ნგრევის ჭაობში”, – ნათქვამია წერილში.

მიმართვის ავტორები წერენ, რომ 30 წლის განმავლობაში, თანდათანობით იკარგება მთელი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების პოტენციალი, როდესაც ორივე მხარეს ნაცისტური იდეებით კვებავენ და ერთმანეთის მიმართ სიძულვილში აჯერებენ.

“ვხედავთ, როგორ უჭერენ მხარს კონფლიქტს შიდა თუ გარეშე ძალები, რომლებიც მისი გაგრძელებით მატერიალურ და პოლიტიკურ სარგებელს ნახულობენ”.

გიორგი ვანიანი და ზარდუშტ ალიზადე ამ მხრივ საუბრობენ ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებისთვის იარაღის მიყიდვის ინტერესის შესახებაც.

“სწორედ ეს გარე ძალები უჭერენ მხარს ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთსიძულვილს და არიან საყრდენი იმ ძალებისა, რომლებიც კონფლიქტის გაღრმავების ამოცანას ასრულებენ. ომის პოტენციალის მხარდასაჭერად უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსები მიემართება. მორიგი სისხლისღვრის შემდეგაც არ მოგვარდება ყარაბაღის კონფლიქტი, რადგან ამას შიდა და გარე ძალები არ დაუშვებენ”.

ვანიანი და ალიზადე სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებს მოუწოდებენ, კარგად გაეცნონ ერთი სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთაშიროსო მაგალითებს და გამოიყენონ შერიგების მექანზმები სამხრეთ კავკასიაში.

“გვსურს, ყველა დევნილმა შეძლოს საკუთარ სახლში დაბრუნება, რომ ჩვენი ხალხი სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ისე უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ, როგორც თანასწორუფლებიანი და თავისუფალი ადამიანები.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, გამონახოს დრო და შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეაჩეროს ძალადობის ახალი ესკალაცია სამხრეთ კავკასიაში და უფრო ეფექტურად იმოქმედოს რეგიონში მშვიდობის პოტენციალის გასაძლიერებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი