ახალი ამბები

პუტინმა და ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს მოუბოდიშეს ზახაროვას პოსტის გამო

11 სექტემბერი, 2020 • 1560
პუტინმა და ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს მოუბოდიშეს ზახაროვას პოსტის გამო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბეთის პრეზიდენტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას ფეისბუქ-პოსტის გამო მოუბოდიშეს. ფოტოკოლაჟზე, რომელიც მარია ზახაროვამ გამოაქვეყნა, პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ამსახველ სურათთან ერთად მოცემული იყო კადრი ფილმიდან “ძირითადი ინსტინქტი”.

“პრეზიდენტ პუტინს არასდროს მოუბოდიშებია ჩემთვის რაიმეს გამო, ასევე არ გაუკეთებია ეს სერგეი ლავროვს. და ამის[ზახაროვას პოსტის] გამო, მათ ეს გააკეთეს. უფრო მეტიც, მე ეს ამბავი არც კი გამიხსენებია და როგორც კარგად აღზრდილ ადამიანს, არასდროს მიხსენებია ის. ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს ინციდენტი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის”, – უთხრა სერბეთის პრეზიდენტმა “რია ნოვოსტი”-ს.

პუტინის ბოდიში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

მარია ზახაროვამ ზემოხსენებული პოსტი შაბათს, 5 სექტემბერს გამოაქვეყნა. მან ფოტოკოლაჟში გააერთიანა თეთრ სახლში სერბეთის პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ამსახველი ფოტო და კადრი ფილმიდან “ძირითადი ინსტინქტი”, აღწერაში კი მიუთითა:

“თუ თეთრ სახლში მიგიწვიეს და სკამი ისე მოათავსეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, დაჯექით ისე, როგორც მეორე ფოტოზეა ნაჩვენები, ვინც არ უნდა იყოთ. უბრალოდ, დამიჯერეთ”.

მოგვიანებით, ზახაროვამ იმავე პოსტში მოიხადა ბოდიში, თუმცა დაამატა, რომ მისი ნათქვამი არასწორად არის ინტერპრეტირებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, პოსტით მხოლოდ ამერიკელი ოფიციალური პირების “ამპარტავნულ” დამოკიდებულებაზე სურდა ხაზგასმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი