ახალი ამბები

2019 წელს ჰომოფობიური რიტორიკა მკვეთრად გაიზარდა: MDF-ის კვლევა

10 სექტემბერი, 2020 •
2019 წელს ჰომოფობიური რიტორიკა მკვეთრად გაიზარდა: MDF-ის კვლევა

2019 წელს მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენა, ყველაზე მეტად, ჰომოფობიური განცხადებების ფორმით ვლინდებოდა, რომელთა რაოდენობაც, 2018 წელთან შედარებით, მკვეთრად არის გაზრდილი. ამის შესახებ ნათქვამია “მედიის განვითარების ფონდის” კვლევაში. საპირისპიროდ, შემცირებულია ქსენოფობიური, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი და რასისტული კომენტარები. მიუხედავად ამისა, ქსენოფობიური გზავნილები, ანტიმიგრანტული და თურქოფობიული მოტივებით, მეორე ადგილზეა ჰომოფობიური რიტორიკის შემდეგ.

მონიტორინგის პერიოდში, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან  31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა. აქედან ჰომოფობიური შინაარსის იყო 1214, რასაც ქსენოფობიური კომენტარები მოსდევს, რაოდენობით – 538. შედარებისთვის, გასულ წელთან შედარებით ჰომოფობიური განცხადებების რიცხვი 482-ით არის გაზრდილი, ხოლო ქსენოფობიური კომენტარები 264-ით შემცირდა.

“ჰომოფობიური განცხადებების უმრავლესობა ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას; რომ ჰომოსექსუალობა გადახრა, ცოდვა და გარყვნილებაა; ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება გარყვნილების პროპაგანდად და უმრავლესობის უფლებების ხელყოფად იყო წარმოდგენილი. ისმოდა თემის წარმომადგენლებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებები, ასევე ხდებოდა ინდივიდუალური სექსუალური ორიენტაციის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის წარმოების პერიოდში, რიგი ძალების მიერ ხდებოდა პოლიტიკური პარტიების ლგბტ თემთან დაკავშირება. აღნიშნული რიტორიკა განსაკუთრენით აქტიური იყო ანტისაოკუპაციო პროტესტის მიმდინარეობისას. გეი ქორწინებისა და მათთვის შვილის აყვანის უფლების შეზღუდვასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებისა და ლგბტ თემის აქტივობების კანონით აკრძალვის მოწოდებებიც ისმოდა.

“მედიის განვითარების ფონდის” თანახმად, ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდის, რასაც თურქოფობიური განცხადებები მოსდევს. ისმოდა განცხადებები აზერბაიჯანელების წინააღმდეგაც, ძირითადად, დავით გარეჯთან დაკავშირებით.

ამავე კვლევით, რელიგიური შინაარსის დისკრიმინაციული განცხადებების უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსის იყო, რასაც მოსდევს იეჰოვას მოწმეთა და არამართლმადიდებელი კონფესიების წინააღმდეგ გახმიანებული კომენტარები.
“რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ კონტექსტში იყო მოხსენიებული ევანგელურ – ბაპტისტული და კათოლიკური ეკლესიები. ერთი განცხადება იუდეველთა, ერთი კი სხვადასხვა სექტების წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთდა”, – წერია კვლევაში.

სულ, MDF-მ რელიგიური შინაარსის 76 დისკრიმინაციული განცხადება აღრიცხა.

კვლევის ავტორთა თქმით, სიძულვილის ენის შემცველი ყველაზე მეტი კომენტარი მედია საშულებებმა გააკეთეს: მათზე ამ განცხადებათა 33.7% მოდის. მეორე ადგილზე, თითქმის თანაბარი პროცენტით არიან პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები. ბოლო ადგილს სასულიერო პირები იკავებენ, 145 განცხადებით.

“სიძულვილის ენის მედია წყაროები წინა წლების იდენტურია: ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის ტირაჟირებას კრემლთან დაკავშირებული „საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტები და ავტორები ახდენდნენ, რასაც ეთნო-ნაციონალისტური გამოცემა „ასავალ-დასავალი“ მოსდევს.

პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ტელევიზიის „ტვ ობიექტივის“ ჟურნალისტების მხრიდან 94 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა; კრემლისტური სააგენტო „საქინფორმის“ მხრიდან კი – 49. ეთნო-ნაციონალისტური გაზეთის „ალიას“ შემთხვევაში 33 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა; გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტების მხრიდან კი – 7” – წერია კვლევაში.

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი