ახალი ამბები

COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირებას 8 000 სატვირთო ხომალდი დასჭირდება – IATA

10 სექტემბერი, 2020 • 1103
COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირებას 8 000 სატვირთო ხომალდი დასჭირდება – IATA

მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვაქცინა შეიქმნება, უმთავრესი ამოცანა მისი ტრანსპორტირება და პლანეტის მოსახლეობისთვის შეუფერეხებელი მიწოდება იქნება.

როგორც CNN წერს, საჰაერო ტრანსპორტის საეთაშორისო ასოციაციაში (IATA) მიიჩნევენ, იმისათვის, რომ ვაქცინის თითო დოზია 7.8 მილიარდმა ადამიანმა მიიღოს (ანუ პლანეტის ყველა მცხოვრებმა), ბოინგ 747-ის 8 000 სატვირთო ხომალდი იქნება საჭირო და ამისთვის ქვეყნებმა მზადება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვის ინდუსტრია ვაქცინების დისტრიბუციაში კორონავირუსის პანდემიამდეც დიდ როლს თამაშობდა.

მედიასაშუალება წერს, რომ ამჟამად მუშაობა 29 სხვადასხვა ვაქცინაზე მიდის, რომელიც უკვე ადამიანებზე ტესტირების ეტაპზეა. მას შემდეგ, რაც ვაქცინა გმაოყენებისთვის დამტკიცდება მისი ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყება, თუმცა მისი განაწილების სწორად შედგენილი გეგმის გარეშე, ტვირთის დისტრიბუცია ვერ დაიწყება.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად IATA საცავებს ასახელებს, სადაც ტემპერატურის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი ვაქცინის უსაფრთხოდ დასაწყობებისთვის და ასევე, კარგად მომხადებული პერსონალი, რომელიც მსგავს დაწესებულებაში პირობებს გააკონტროლებს.

ამასთან, ზოგ ქვეყანას სასაზღვრო შეზღუდვები აქვს დაწესებული, რომელიც ვაქცინის დისტრიბუციისთვის უნდა მოიხსნას. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ნებართვები ოპერატორებისთვის, რომლებიც ამგვარ ტვირთის გადაზიდავენ, დროულად უნდა გაიცეს, პერსონალი კი საკარანტინო მოთხოვნებისგან უნდა გათავისუფლდეს.

მეორე გამოწვევა, რომელსაც ამ კუთხით IATA ხედავს, უსაფრთხოებაა, რამდენადაც, ვაქცინას მაღალი სავაჭრო ღირებულება ექნება და ის ფალსიფიცირებისა და ქურდობისგან უნდა დაიცვან.

ავიაცია პანდემიის პირობებში ამჟამადაც უმნიშვნელოვან როლს ასრულებს, რამდენადაც სასიცოცხლოდ აუცილებელი მარაგების ტრანსპორტირებაშია ჩართული. CNN წერს, რომ ამ ეფექტიანობის ერთ-ერთი გასაღები სწორედ ბოინგ 747-ია.

ხომალდის ბოლო მოდელი ყველაზე დიდია ავიალაინერებს შორის. ის უახლესი თაობის ძრავითა და გაუმჯობესებული აეროდინამიკური მახასიათებლებითაა აღჭურვილი.

ამჟამად, მსოფლიოში საჰაერო ტვირთის ნახევარზე მეტის გადაზიდვა სამგზავრო თვითმფრინავებით ხდება, პანდემიის გამო კი ბევრმა ავიაკომპანიამ რეგულარული ფრენები შეამცირა და ქსელი დაავიწროვა.

IATA აღნიშნავს, რომ საჰაეროსთან ერთად, სახმელეთო გადაზიდვებიც მნიშნველოვან როლს ითამაშებს ვაქცინის გავრცელებისთვის, განსაკუთრებით, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში თუმცა აღნიშნავს, რომ ვაქცინის გლობალური დისტრიბუცია შეუძლებელი იქნება საჰაერო გადაზიდვების მნიშვნელოვანი დატვირთვის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი