“ლელოს” განცხადებით, მათი პარტიის სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელის, გივი ჯულაყიძის ავტომობილი დააზიანეს. მომხდარს პარტიაში ჯულაყიძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ და პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ.
“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე, “ლელოს” წევრის ავტომობილის დაზიანებას მმართველი გუნდის მიერ მისი დაშინების მცდელობად აფასებს:
“სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელს დილით მანქანის საქარე მინა ჩამსხვრეული დახვდა. ადგილზე მისულებმა გამოვიძახეთ საპატრულო ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ვიყავით დაკითხვაზე, სადაც ჯულაყიძემ მისცა ჩვენება და ახლა ველოდებით გამოძიების დასრულებას. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ პოლიტიკურ საქმიანობას და არის დაშინების მცდელობა. დროა, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მსგავსი ხერხებით ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა“ – აცხადებს თორნიკე ართქმელაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.