ახალი ამბები

როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია რესტორანში ქეიფია თუ ქორწილი

10 სექტემბერი, 2020 • 984
როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია რესტორანში ქეიფია თუ ქორწილი

როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია რესტორანში ჩვეულებრივი ქეიფია, თუ ქორწილი? – ვკითხეთ შრომის ინსპექციის უფროსს ბექა ფერაძეს დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ. ბექა ფერაძე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების გაძლიერებაზე საუბრობს – შრომის ინსპექცია დღეიდან ბათუმში სხვადასხვა უწყებასთან ერთად კერძო და სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგის გააქტიურებას გეგმავს.

„შინაარსობრივი მხარე იქნება მნიშვნელოვანი, კოორდინირებულად უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ეს თვისებრივად შეფასდება, თუ დარღვეული იქნება არამხოლოდ სოციალური ღონისძიების ჩატარების ნაწილში, არამედ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს, მაგალითად, დეზინფექციის განხორციელებას, სკრინინგის ჩატარებას, ღონისძიებებს, რაც დეტალურადაა გათვალისწინებული პროტოკოლში, მათ შორის, ეს შეეხება ადამიანების განთავსების ოდენობას ერთ მაგიდასთან, ეს იქნება მკაცრად შემოწმებული,“ – აღნიშნა ბექა ფერაძემ სარიტუალო დარბაზებში ქორწილების გამართვაზე.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, აქამდეც მოწმდებოდა იგივე სარიტუალო დარბაზები, სადაც რეგულაციებზე მორგება ამ ფორმით გადაწყვიტეს – სარიტუალო დარბაზები რესტორნებად გადაკეთდა და ქორწილს რესტორანში შეკრება დაარქვეს. ბექა ფერაძე განმარტავს, რომ არაერთი სარიტუალო დარბაზი ამის გამო გააფრთხილეს და რამდენიმე დააჯარიმეს კიდეც. ბექა ფერაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენი სარიტუალო დარბაზი დააჯარიმეს ამ დრომდე დახურულ სივრცეში ქორწილის გამართვისთვის.

„არ მინდა, ისე იყოს აღქმული, რომ მკაცრად ვიწყებთ მობილიზებას, ამ მობილიზებას წინ უსწრებდა არაერთგზის გაფრთხილება…“ – დასძინა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის უფროსის თქმით, ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის 70 იურიდიული პირია დაჯარიმებული. ჯარიმის ოდენობა 10 ათასი ლარია. განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

„ჩვენ არ ვართ ორიენტირებული გამოვიყენოთ სანქცია, მრავალგზის მოვახდინეთ თითოეული დარბაზის გაფრთხილება, მაგრამ კვლავ განხორციელდა, კვლავ იმართება მასშტაბური სოციალური ღონისძიებები, რაც არის მიუღებელი. სახელმწიფო მიესალმება ადამიანების ქორწინებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაა მიზანშეწონილი ასეთი მასობრივი ღონისძიებები იქნას ჩატარებული,“ – აღნიშნა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.

შრომის ინსპექციის უფროსის განმარტებით, 10 სექტემბრის მონაცემებით, 820 სკოლაა შემოწმებული, დანარჩენი სკოლები კი, 15 სექტემბრამდე შემოწმდება. ბექა ფერაძის თქმით, შესაბამისი რესურსი არსებობს და შემოწმების პროცესი არ შეფერხდება. საბავშვო ბაღებს და კერძო სტუდიებს შრომის ინსპექცია 15 სექტემბრის შემდეგ შეამოწმებს.

შრომის ინსპექციის უფროსი დღეს აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, აჭარის პოლიციის უფროსს და კიდევ სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შეხვდა.

რატომ იყო სხდომა დახურული? – ესეც ვკითხეთ ბექა ფერაძეს.

„რა მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებებსაც მივიღეთ, შედეგებს გაგაცნობთ“, – ასე ახსნა გამჭვირვალობაზე უარი ბათუმში მყოფმა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი