ახალი ამბები

“ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა” – გახარია

10 სექტემბერი, 2020 • 1742
“ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით გამკაცრებულ რეგულაციებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებები მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მაგალითად ერთ-ერთმა ქორწილმა, რომელიც თბილისში გაიმართა, დამატებით 5 ახალი კლასტერი შექმნა. მათ შორის, ერთი ცაგერში, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ასე შემდეგ:

“დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, ღია ცის ქვეშ. დახურულ შენობებში, დღეის მდგომარეობით, ისედაც აკრძალულია. კიდევ ერთხელ ვამბობ – ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. რიტუალური ღონისძიებები – სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია,  ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. 

ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა”, – თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ მინისტრის თქმით, ასევე იკრძალება კლუბური საღამოები ღია სივრცეებშიც, რამდენადაც, მისი თქმით, ამგვარი ღონისძიებები ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალ რისკს შეიცავს:
 
“დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა” – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვები არ შეეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ეს ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

პრემიერის თქმით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო პირველ ოქტომბერს, პირველ ნოემბრამდე გადაიდება.

ამასთან, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოების ხანდაზმული წევრების ინფიცირებისგან დასაცავად:

“მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,- აცხადებს გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი