ახალი ამბები

მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

9 სექტემბერი, 2020 • 3882
მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 9 სექტემბერს, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება დღესვე შევიდა ძალაში.

ამ წესის მიხედვით, ელექტრონული სწავლება, არის სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით და განსაზღვრულია დისტანციური სწავლების რამდენიმე მოდელი:

  • სინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) მათი უნიკალური მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ერდროულად იყენებენ რომელიმე ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც იძლევა აუდიო ან/და ვიდეოკომუნიკაციის შესაძლებლობას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა მყისიერად დასვან შეკითხვები ან უპასუხონ მათ;
  • ასინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) ერთდროულად ან სხვადასხვა დროს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროცესის შესაბამისად, დამოუკიდებლად სწავლობენ სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე, იყენებენ ან ციფრულ რესურსებს, ან აუდიო და/ან ან/და ვიდეო ფაილებს, ან ტელეეთერს;
  • ჰიბრიდული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, დასწრებით სწავლებისა და ელექტრონული სწავლების რომელიმე ფორმის კომბინაციით;

იგივე წესი განსაზღვრავს დასწრებით სწავლებასაც, რომელიც არის „სწავლების ტრადიციული ფორმა, როცა მასწავლებელი და მოსწავლეები იმყოფებიან ერთ ფიზიკურ სივრცეში, მაგალითად, საკლასო ოთახში.“

 სკოლაში დისტანციური სწავლება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მოდელების გამოყენებით:

  • სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას;
  • სრულად ელექტრონულად, ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;
  • ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით.

სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;
  • რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;
  • სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;
  • ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;
  • ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

სკოლაში დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობა კი შეიძლება იყოს:

  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;
  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;
  • სკოლაში მიმდინარე გადაუდებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
  • ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტის აღმოფხვრა.

დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო)  ჩართულობით.

სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამასთან, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, „რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება“.

საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

სკოლა ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.
  • მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.
  • მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.
  • დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.
  • დისტანციური სწავლებისას დაიცვას თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესები, პერსონალური მონაცემები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
  • გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

სკოლა ვალდებულია ასევე სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები და იმ შემთხვევაში თუ:

  • აღნიშნული გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის (მოწყობილობისა და ინტერნეტთან წვდომის) არქონით, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორს და პრობლემის მოგვარებამდე მასწავლებელთა ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად განიხილოს არსებული შესაძლებლობები და დაგეგმოს ალტერნატიული ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.
  • მოსწავლესთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება და უცნობია გაკვეთილებზე დაუსწრებლობის მიზეზები, სკოლამ უნდა იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

  • შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას დისტანციურ სასწავლო პროცესში, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებაში;
  • ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მოსწავლეს სკოლის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაში;
  • თვალყური ადევნოს მოსწავლეს და დროულად შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის დაფიქსირებისთანავე;
  • შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში.
  • პატივი სცეს მასწავლებლის შემოქმედებით და სამუშაო ონლაინ სივრცეს, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე(ები) ვალდებულნი არიან დისტანციური სასწავლო პროცესი დაგეგმონ სკოლის რესურსების, თოთოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელი, სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული დამატებითი სპეციალისტები, ვალდებული არიან მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობით უზრუნველყონ მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა/განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაცია გაუწიონ სსსმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მხარდაჭერისა და სახლის პირობებში მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იკრძალება საზეიმო ღონისძიებები სკოლებში.

 

სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის წესი სრულად იხილეთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი