ახალი ამბები

არჩევნების გადადებაზე უნდა ვიფიქროთ, თუ ასე გაგრძელდა – ბურჯანაძე

9 სექტემბერი, 2020 •
არჩევნების გადადებაზე უნდა ვიფიქროთ, თუ ასე გაგრძელდა – ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუკი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არსებულ ტემპში გაგრძელდება და შეზღუდვები მოიმატებს, პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების გადადებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს. არჩევნები 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

„თუ ასე გაგრძელდა, — თუ გაგრძელდა ინფიცირების მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა, — მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნების გადადებაზე“, – თქვა ნინო ბურჯანაძემ 9 სექტემბერს „პალიტრანიუსზე“ მერაბ მეტრეველის გადაცემაში.

„ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ადგილზე ჰყავს პოლიცია, სუს-ი, კუდ-ი, გამგეობა და ა.შ, რომლებიც პირდაპირ, ვერტიკალით აძლევენ დავალებებს ქვეშევრდომებს, რათა იმოქმედონ ის, როგორც ხელისუფლებას აწყობს, ხოლო ოპოზიცია მოკლებულია ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, არიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები ამავე აზრზე, ბურჯანაძემ უპასუხა: „ჯერ ვერ გეტყვით, ამავე აზრზე არიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები, ამ ორი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ფრაგმენტული საუბრები მქონდა. ჩვენ გვაქვს საერთო ოპოზციური ჩატი და ამ ჩატში დავიწყებთ თემის განხილვას. არ გამოვრიცხავ ამას საგანგებო შეხვედრაც მივუძღვნათ“.

„ვფიქრობ ოპოზიცია უნდა შევიკრიბოთ და ძალიან სერიოზულად ვიფიქროთ“, – თქვა მან. კითხვაზე, თუ მისი აზრით როდისთვის უნდა გადაიდოს არჩევნები, თქვა, რომ ეს დამოკიდებულია კვლავ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე.


9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ოფიციალური, მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 1325-ია; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

9 სექტემბერსვე მთავრობის წარმომადგენლებმა ახალი შეზღუდვები გააცნეს საზოგადოებას. ერთ-ერთი შეზღუდვაა 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე. მსგავსი და სხვა შეზღუდვები არ ვრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საარჩევნო ღონისძიებებზე არ გავრცელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი