ახალი ამბები

წინასაარჩევნო აგიტაციისას პირბადე და დინსტანციის დაცვა ღია სივრცეშიც აუცილებელია – გამყრელიძე

9 სექტემბერი, 2020 • 928
წინასაარჩევნო აგიტაციისას პირბადე და დინსტანციის დაცვა ღია სივრცეშიც აუცილებელია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში აგიტაციისას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში აუცილებელია პირბადეების ტარება და ერთმანეთს შორის დისტანციის დაცვა. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“თუ უყურებთ, წინასაარჩევნო პერიოდში პირბადეს გარეთ არ ხმარობენ იმიტომ, რომ ჩვენ პირაბდეზე რეკომენდაცია გვქონდა ძირითადად შიდა სივრცეებში. მაგრამ თუ დისტანცია არ არის დაცული, პირბადე და დისტანცია აუცილებელია გარე სივრცეებშიც”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვები დაწესდეს, რადგან ეს “მმართველმა ან სხვა პარტიებმა დისკრიმინაციულად არ გამოიყენონ, რომ პროცესი იზღუდება”. გამყრელიძის თქმით, საარჩევნო პროცესების ნაკლები შეზღუდვა საერთაშორისო რეკომენდაციაა.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. 2 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, რაც საქართველოში კორონავიურისის პირველი შემთხვევის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო. მას შემდეგ კი ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს, 9 სექტემბერს, ქვეყანაში 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქამდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 773-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი