ახალი ამბები

“აღმაშფოთებელია” – ზურაბიშვილი რუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

8 სექტემბერი, 2020 • 1625
“აღმაშფოთებელია” – ზურაბიშვილი რუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პორტალზე gosnovosti განთავსებულ სტატიას სახელწოდებით “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს” განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ რუსულ მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ “მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა”.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არარსებული და გამოგონილია სტატიაში მოყვანილი წერილი, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტს ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა მისწერა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. 

“აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მასში  გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საქართველოს პარტნიორებს ევროკავშირში, მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეშლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი