ახალი ამბები

ენმ-ს შემდეგ ისანში კანდიდატი შესაძლოა ოქრუაშვილის პარტიამაც დააყენოს

8 სექტემბერი, 2020 • 1211
ენმ-ს შემდეგ ისანში კანდიდატი შესაძლოა ოქრუაშვილის პარტიამაც დააყენოს

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისმა პარტიამ ისნის ოლქში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარად კენჭს ლეიბორისტების ოფისში მიმდინარე დისკუსიებში მონაწილეო ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმების საფუძველზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იყრის, თუმცა შემდეგ თავისი კანდიდატი “ნაციონალურმა მოძრაობამაც” წარადგინა ხატია დეკანოიძის სახით.

როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, ისანში მაჟორიტარის დაყენებაზე იმიტომ ფიქრობს, რომ ვაშაძემ ოპოზიციის ნაწილის საერთო შეთანხმება დაარღვია.

“ჩვენ გვექნება მომდევნო კვირაში მაჟორიტარების წარდგენა. აუცილებლად წარვადგენთ მაჟორიტარების ქართლის ორივე რეგიონში, გურიაში, აჭარაში თავისთავად და არ გამოვრიცხავ, ასევე, ისანში, სადაც მე ვთვლი, რომ გიორგი ვაშაძის მხრიდან ჩემთან მიმართებაში იყო დარღვეული შეთანხმება და თან, მითუმეტეს, ამაზე გარკვეული კონსულტაციები მქონდა და სრული თავისუფლება მაქვს მიღებული სხვა მონაწილეებისგან, რომლებიც „ლეიბორისტების“ ოფისში იყო და შესაძლოა, ჩვენ წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი ისნის საარჩევნო ოლქში”, — განაცხადა ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს სამაგიეროს გადახდა, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ არაა.
მისი თქმით, ეს პრაგმატული მიზნებით აიხსნება, რადგან ყველა ცდილობს მის ყულაბაში გაცილებით მეტი ხმა მოიზიდოს, რომ შემდეგ მისი როლი პარლამენტში წონადი გახდეს.

იმ მიზეზით, რომ ვაშაძემ ოპოზიციის ნაწილის შეთანხმება დაარღვია, 26 აგვისტოს ისანში მაჟორიტარად დადგა ენმ-დან ხატია დეკანოიძეც. ენმ დეკანოიძის დაყენებას იმით განმარტავდა, რომ ვაშაძემ “ძალა ერთობაშია” დატოვა და ამასთან, “სტრატეგია აღმაშენებელში” შემავალი თაკო ჩარკვიანი საბურთალოზე იყრის კენჭს. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილმა სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი წარადგინა საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად.

მასალების გადაბეჭდვის წესი