ახალი ამბები

ISFED-ის კვლევა: ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი და ზეწოლა

8 სექტემბერი, 2020 • 1653
ISFED-ის კვლევა: ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი და ზეწოლა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა პ/გ „პატრიოტთა ალიანსის“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ცდილობდნენ. 

ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობაში, რაც ფაქტობრივად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.

ზოგადი სურათი რიცხვებში

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 17 ფაქტი;
  • წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 3 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1 ფაქტი;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18 ფაქტი;
  • ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6 ფაქტი;
  • მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა;
  • პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი და სურსათის კალათები

ბათუმი

6 აგვისტოს, ბათუმში, მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის მხარდაჭერით სასურსათო კალათები დაურიგეს, მათ შორის: 40 კალათა დარიგდა დრამატულ თეატრში, 14 – თოჯინების თეატრში და 23 – მუსიკალურ ცენტრში, ჯამში გაიცა 77 კალათა.

„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა სურსათის დარიგება, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში” ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს.

დახმარების შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დათო ოქიტაშვილმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში კულტურისა და ხელოვნების მუშაკთა თანადგომის კიდევ ერთი ეტაპი, საქართველოს კულტურის პალატის მიერ, ირმა ინაშვილის და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით განხორციელდა, სურსათის კალათები, ბათუმის გარდა, დარიგდა ქუთაისსა და ოზურგეთშიც.

ოზურგეთი

ოზურგეთში, 6 აგვისტოს, სასაჩუქრე სურსათის კალათა, ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით, ადგილობრივი ფოლკლორის ცენტრის და ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებმა მიიღეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

თუმცა, ოზურგეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ეს კატეგორიულად უარყო. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები და ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის ადმინისტრაცია ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ სასურსათო კალათები „პატრიოტთა ალიანსისგან“ მიიღეს. ფოთი 1 სექტემბერს, ფოთში, „Maltakva Beach Fest“-ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო

უფასო ბოსტნეული და შესაძლო კავშირი ქართულ ოცნებასთან
5 აგვისტოს, ქობულეთში, ინფორმაცია გავრცელდა „ქართული ოცნების“ მიერ ბოსტნეულის უსასყიდლოდ დარიგების შესახებ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ ბოსტნეულის, კერძოდ, ქობულეთის სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციის, დარიგება აჭარის სოფლის მეურნეობის პროგრამით განხორციელდა. მისივე თქმით, ქობულეთში მერის წარმომადგენელმა დავით ზოიძემ, რომელსაც დაევალა დახმარების გადანაწილება ადგილობრივ მოსახლეობაზე, აღნიშნული პროდუქცია მამის კუთვნილ ფართში დაასაწყობა და იქედან გასცემდა. რადგანაც დავით ზოიძის მიერ არ იქნა ახსნილი მოსახლეობისათვის დახმარების წყარო და მიზანი, ადგილობრივებმა ეს „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირეს.
ქართული ოცნების ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია და საფეხბურთო ტურნირი

ფოთი

1 სექტემბერს, ფოთში, „Maltakva Beach Fest“-ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ესწრებოდა. მან გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა, I ადგილზე გასულებს – 2000 ლარი, II – 1500 ლარი, III – 1000 ლარი, ჯილდოები გადეცათ, ასევე, საუკეთესო თავდამსხმელს, მეკარესა და მსაჯს. ტურნირის ინიციატორი და მხარდამჭერი ხახუბიას ოჯახი იყო.

ფულადი ჯილდოების სპონსორ შპს „აისბერგი 2“-ის 25%-იანი წილის მფლობელი მოქმედი მაჟორიტარი და ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბიაა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, სამედიცინო გამოკვლევები და ოცნების დროშა

აბაშა

25 ივლისს, აბაშაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორის და შპს „შანის“ დირექტორის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აბაშის მერიის ფეისბუქ-გვერდზე.

აქციის შესახებ, ერთ-ერთი მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში (5:55 – 6:00 წთ.), ექიმების მაგიდაზე ნათლად ჩანს „ქართული ოცნების“ დროშა. აქციის ფარგლებში, სამასამდე ბენეფიციარს გაეწია მომსახურება. მერიის წარმომადეგნელმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ კონკრეტულ აქტივობაში მერია არ მონაწილეობდა, უბრალოდ, შპს „შანს” დაეხმარა ორგანიზებასა და მოსახლეობის ინფორმირებაში და დასძინა, რომ უზრუნველყვეს მოსახლეობის ტრანსპორტირებაც, რათა აბაშის მოსახლეობას, რომელსაც შორ მანძილზე გადაადგილება უჭირდა, გაადვილებოდა სამედიცინო შემოწმებაში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდშიც განხორციელდა მსგავსი აქტივობა. შპს „შანის“ დირექტორი ნანა შენგელია, წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისას, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და უფასო ფქვილი

ონი

5 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მოქმედი მაჟორიტარი და დეპუტატობის კანდიდატი ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის გაერთიანებულ ოლქში, გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მონაწილეობდა ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში სოფელ ჭიორაში 75, სოფელ გლოლაში -160 და სოფელ ღებში – 250 ოჯახისთვის. აღსანიშნავია, რომ დახმარებისთვის თანხა მუნიციპალური სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

ენმ-ს მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე და სუფრა მოსახლეობასთან შეხვედრისას
• 3 აგვისტოს, მარნეულის სოფელ დაშტაფაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი მოსახლეობას შეხვდა. საარჩევნო კამპანია ჩაითა და 10 ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით წარიმართა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოები, ენმ–ის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ აგილ მუსატაფაევმა თავის “ფეისბუქის” გვერდზე გაავრცელა.
მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის, შეხვედრა მოსახლეობასთან სუფრის ფონზე
• 22 აგვისტოს, მარნეულში, მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი, პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, აღსაკალებს შეხვდა. შეხვედრა ხილითა და ტკბილეულით გაწყობილი სუფრის ფონზე მიმდინარეობდა.
ქართული იდეა და ძვირადღირებული საჩუქარი ოჯახს

19 აგვისტოს, პ/გ „ქართული იდეის“ თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად სტუმრობდა ხელვაჩაურში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს. ლევან ჩაჩუამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ სხვა პირებთან ერთად ფუტკარაძეების ოჯახს საჩუქრად სამზარეულოს ინვენტარი, ავტომობილი, შინაური ცხოველები და სხვა მატერიალური ქონება გადასცეს.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის დასახმარებლად, 45 000 ლარი რუსეთის მოქალაქემ გაიღო. ფაქტის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვება როგორც „პრიმაკოვის ფონდის“ დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის, ასევე, პ/გ „ქართული იდეას“ თავმჯდომარის „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე.

ქართული ოცნების კარდაკარი ხელვაჩაურში

22 აგვისტოს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ეწვია ც.დ., მეზობელი უბნიდან, რომელმაც განუცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დავალებით მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდა. კითხვარში აღნიშნული იყო მოქალაქის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე გრაფა „პარტიული“, რაც პარტიის კოორდინატორის განმარტებით ნიშნავდა იმის აღნიშვნას, თუ ვისთვის აპირებს ამომრჩეველი ხმის მიცემას. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას ც.დ.- მ განაცხადა, მას დავალებული ჰქონდა კარდაკარ გამოკითხვისას ჩაენიშნა შეჭირვებული ოჯახების სია, რომელსაც, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიაწვდის ,,ქართულ ოცნებას” და, ამის შემდეგ, პარტია ამ ოჯახებს მედიკამენტებს და სხვა ფასიან საჩუქრებს გადასცემს.

ევროპული საქართველოს შეხვედრა და სუფრა
5 სექტებმერს, სენაკის მუნიციპალიტეტში ციხე-გოჯის ტერიტორიაზე პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მათი თქმით, პარტიის კოორდინატორებთან და აქტივისტებთან შეკრება გამართა. შეხვედრის შემდგომ პარტია მოწვეულ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, სუფრა მხოლოდ წევრებსა და კოორდინატორებზე იყო გათვლილი.
დახმარების შეთავაზება ნაციონალური მოძრაობისგან
დედოფლისწყარო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს დახმარებას, კერძოდ, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, ონლაინ რეგისტრაციას უფასოდ. დედოფლისწყარო ენმ/Dedoplistskaro UNM-ს ცნობით, 20 აგვისტოდან ფეისბუქ გვერდზე განთავსდება თითოეულ სოფელში საკონტაქტო პირი, ვინც უფასოდ დაარეგისტრირებს მსურველებს.
თავისუფალი საქართველო და იაფი მედიკამენტების პროგრამა
2 აგვისტოს, გლდანში გამართულ შეხვედრაზე, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ისაუბრა იაფი მედიკამენტების პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება პარტიის მიერ. კერძოდ, „თავისუფალ საქართველოს“ გარკვეული დასახელების მედიკამენტები თურქეთიდან შემოაქვს და საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებზე იაფად ყიდის. პარტიას აქვს შექმნილი აფთიაქიც. კახა კუკავამ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა დარიგებულ ბროშურებში გაცნობოდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროგრამის შესახებ, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ეხება იაფ მედიკამენტებს. ბროშურაში მოცემულია გარკვეული პრეპარატების სია, აღნიშნულია წამლების აფთიაქში არსებული ფასი და, ასევე, პარტიის მიერ შეთავაზებული უფრო დაბალი ფასი. საარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ მედიკამენტების ვრცელი სია მოქალაქეებს შეუძლიათ იხილონ პარტიის ვებ- გვერდზე, ან კონკრეტულ სატელეფონო ნომერზე დარეკონ. „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელის თქმით, მედიკამენტები უფასოდ არ რიგდება, იყიდება და ამაში პარტიას არანაირი მოგება არ აქვს. კახა კუკავას განცხადებით, მსგავსი პროგრამის განხორცილებას გეგმავს საწვავზეც.

10 აგვისტოს, კახა კუკავამ ვილნიუსის ბაღში მოსახლეობას მთაწმინდა – კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ირაკლი ჯალაღონია წარუდგინა. კუკავამ, შეხვედრაზე მყოფ ხალხს, განუცხადა პარტიის მიერ „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის დანერგვის შესახებ. მისი თქმით, პარტიამ თურქეთიდან შემოიტანა გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს იაფად, თურქეთში არსებული ფასით. მისი განცხადებით, აფთიაქები რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ სააფთიაქო ბაზარი, გაცილებით ძვირად ყიდიან აღნიშნულ მედიკამენტებს. კუკავას განცხადებით, მათ შემოიტანეს მედიკამენტების სოლიდური რაოდენობა, მათ შორის, წამალი გულით დაავადებული ადამიანებისთვის, რომელიც თურქეთში 70 ლარი, ხოლო საქართველოს სააფთიაქო ქსელებში – 220 ლარი ღირს.

15 აგვისტოს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ვარკეთილის 3ა მკრ-ში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა პარტიის მიერ ინიცირებულ „იაფი მედიკამენტების“ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც პარტია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოში არსებულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

ოქრიაშვილის PSP-ს სარეკლამო განცხადება
1 სექტემბერს, ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სარეკლამო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას ყოველგვარი მოგების გარეშე უზრუნველყოფს. განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე (ფორმა 100), კოპმანია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ფასით. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. კომპანია დაინტერესებულ მომხმარებლებს სთავაზობს დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. „შპს პსპ ფარმას“ 95%-იანი წილის მფლობელი მაჟრიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილია, რომელიც, დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში „ძალა ერთობაშიას“ ბლოკის სახელით იყრის კენჭს.
ენმ-ს წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი
11 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორში ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება, 3 ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბასიშვილმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გორის ორგანიზაციის პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. პარტიის წარმომადგენლის ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ვინაიდან არჩევნების თარიღი სურსათის დარიგების მომენტისთვის გამოცხადებული არ იყო და არც ბადრი ბასიშვილია დასახელებულა კანდიდატად, ისინი პროდუქტების გადაცემას მოსყიდვად არ მიიჩნევენ.

წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველთა გულის მოსაგებად მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამები

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ათასამდე სამოქალაქო პირს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ, სამი წლისა და მეტი ვადით არსებული ხანდაზმული, 1 600 000 ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერებათ.
ქართული ოცნების დეპუტატების ინიციატივა

პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, ითვალისწინებს ცვლილებებს 3 კანონში: „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრიდან1 – 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა2 და სოციალური პაკეტი ჩაითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, რომლებიც, ზედმეტად გაცემული თანხების მიუხედავად, მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან, მძიმე ტვირთად აწვებათ ამ თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, რაც ძირითადად სასამართლო წესით ხორციელდება. მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 3478 სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის თანხის ოდენობა შეადგენს – დაახლოებით 658 512 ლარს. ასევე, სოციალური პაკეტი უკან დასაბრუნებელი არ ექნება 230 ბენეფიციარს, თანხის ოდენობა კი შეადგენს – 69 000- მდე ლარს.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროქტის მიხედვით, განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან. 2016 წლის 1 დეკემბრიდან – 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია3 ჩაითვლება ლეგალიზებულად.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი შეეხება 1594 პენსიონერს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს – დაახლოებით 727 733 ლარს.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრიდან – 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია4 ჩაითვლება ლეგალიზებულად. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 178 კომპენსაციის მიმღებ პირს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს – დაახლოებით 85 883 ლარს.

სამივე კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების ამოღებასთან.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები

ახალქალაქი - „შანტაჟი და მუქარა“ მკოიანზე და ძმის მანქანის აფეთქება
ახალქალაქი 10 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და ემუქრებიან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ენზელ მკოიანმა დაადასტურა ადვოკატის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, დაურეკეს და უთხრეს არჩევნებზე არ ეფიქრა, თორემ წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს.

21 აგვისტოს, ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა. დეპუტატის თქმით, ბოლო დროს ამ ავტომობილით მგზავრობდა, სამიზნეც ის იყო და მომხდარს არჩევნებს უკავშირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„ოცნების“ მხარდამჭერი ენმ-ის მუქარაზე და პარტიის პასუხი
თელავი 27 აგვისტოს, რადიო “ჰერეთის” საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას, დაისჯებოდა როდესაც ნაციონალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ოღუჯოვი ახმეტა- თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება, სწორედ, ბოტკოველის ინტერესებში შედის.

ოღუჯოვმა არ ისურვა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბარი. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზურაბ მუსაევის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რაც სტატიაში წერია, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს ფაქტს, თუმცა, ენდობა ოღუჯოვს და სჯერა მისი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, დამკვირვებელთან კატეგორიულად უარყო ასეთ ინციდენტში მისი და მისი მხარდამჭერების მონაწილეობა.

„ლელოს“ განცხადება მუქარაზე
26 აგვისტოს, „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ბერდია ფიფიას მიმართ ზეწოლაზე განაცხადა, რომ მას ერთ-ერთ სამსახურში მიუთითეს შეეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა ან მასთან ურთიერთობა /თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა.

ბერდია ფიფიამ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან, აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ სტაჟიორად აიყვანეს „კრედო“ ბანკში, სადაც მას შიდა პოლიტიკა გააცნეს, რომ თანამშრომელი არ უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული. მას ჰქონდა ორი არჩევანი დარჩენილიყო „კრედოში“ და გაეგრძელებინა მუშაობა, ან წამოსულიყო. იგი პროტესტის ნიშნად წამოვიდა ბანკიდან. მან განაცხადა, რომ სახელმწიფო სისტემა აშინებს ბიზნესმენებს, ამიტომ კომპანიები იძულებულნი არიან მსგავს პოლიტიკას მიმართონ.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა

თავდასხმა ლელოს აქტივისტზე
4 სექტემბერს, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ეკითხებოდნენ რატომ უჭერდა მხარს „ლელოს“. 15 გლურჯიძე ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, თავდამსხმელთა ამოცნობა შეუძლია.

5 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები

გურჯაანი
 • 14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში – დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრო. აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

• 14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარდენახში, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაფინანსებულ სასტუმრო „ამპელოს“ ეწვია. სასტუმროს საერთო ბიუჯეტში, მეექვსედი – 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გაავრცელა.

საგარეჯო
საგარეჯო 14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში – დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან ერთად, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკს“ სტუმრობდა. აღნიშნული საწარმო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით სარგებლობს, მისი სრული ინვესტიცია 5 მლნ ლარია, საიდანაც სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი – 1 500 000 ლარს შეადგენს. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გაავრცელა.
ხარაგაული
• 4 აგვისტოს, 13 საათზე, ქართული ოცნების საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის კინოთეატრში საჯარო მოხელეებს, საკრებულოს დეპუტატებს, სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებსა და პარტიის აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა, შენობის წინ, ხარაგაულში მერის მოვალეობის შემსრულებლები და პარტიის აქტივისტები დააფიქსირა, დარბაზში, დაახლოებით 60-70 ადამიანი იყო. შეხვედრა 14 საათზე დასრულდა. შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ, დამკვირვებელს უთხრა, რომ შეხვედრის შესახებ პარტიის ოფისიდან შეატყობინეს და კითხეს დასწრებას თუ მოახერხებდნენ, რადგან ადგილები პანდემიის გამო შეზღუდული იყო. ხარაგაულისა და ბაღდათის დეპუტატმა კობა 18 ლურსმანაშვილმა, შეხვედრის გასაიდუმლოების შესახებ კითხვაზე, განაცხადა, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა პარტიულ აქტივისტებთან და არა ფართო საზოგადოებასთან.

• 17 აგვისტოს, სამუშაო საათებში, პარლამენტარის ბიუროში, ამჟამინდელ პარლამენტარ და ხარაგაულის მერობის კანდიდატ კობა ლურსმანაშვილთან, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე, მერიის სამსახურებისა და ააიპების ხელმძღვანელები.

• 14 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავის ფეისბუქ-გევრდზე, გაავრცელა ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა კვიჟინაძის, ხარაგაულის მერიის, ხარაგაულის საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ბოლოდროინდელი აქტიურობით მიღწეული შეთანხმებების შესახებ. აღსანიშნაცია, რომ პაატა კვიჟინაძე საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის, ხოლო, კობა ლურსმანაშვილი – ხარაგაულის მერობის კანდიდატია. საკრებულოს ფეისბუქ-გვერდის მიერ ინფორმაცია გაზიარებულია კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი/Koba Lursmanashvili – ის გვერდიდან.

ბაღდათი
27 აგვისტოს, ბაღდათში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნისას, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა
ბაღდათი-ხარაგაულის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის სასარგებლოდ აგიტაცია გასწია.
თელავი
10 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან ერთად, სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერა. აღნიშნული სასტუმრო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით იყო მხარდაჭერილი. ამის შესახებ ინფორმაცია კანდიდატმა ფეისბუქ გვერდზეც გააზიაარა.
ლაგოდეხი
11 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სკოლის სამშენებლო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ქადაგიშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 1 აგვისტოდან დატოვა და ზემოაღნიშნულ ღონისძიებებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით იმყოფებოდა.
აბაშა
• 14 აგვისტოს, აბაშის საკრებულოს აპარატის უფროსი – გოჩა ხურცილავა, სამუშაო საათებში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ შტაბში და იქ სთხოვა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მისვლა. შეხვედრა, საკრებულოს აპარატის უფროსის, სამსახურეობრივ მოვალეობასთან 19 დაკავშირებულ საქმეს შეეხებოდა, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის მიწოდებასა და წერილის გადაცემას.

• 21 აგვისტოს, დღის 3 საათზე, ქალაქ აბაშაში „ქართული ოცნების“ ოფისში, მიმდინარეობდა შეხვედრა. პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს იყო უბნის უფროსების და აგიტატორების შეკრება და, ამასთანავე, განიხილებოდა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წარსადგენი წევრების საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა საჯარო მოხელეებიც, მათ შორის: რუსლან ბოკუჩავა – მერის წარმომადგენელი ქ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, აკაკი ბოკუჩავა – მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ასევე, ნესტორ ძიძიგური – მერის წარმომადგენელი სოფელ პირველი მაისში და ამავე თემის დეპუტატი იაგო თოდუა.

შეხვედრაზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა, შესასვლელთან შენიშნა ორი პიროვნება სიებით ხელში. მათი განმარტებით, ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ. დამკვირვებელმა დაადგინა, რომ ეს იყო ბაღების და სკოლების სია და ჩამოწერილი იყო სახელი გვარი და ტელეფონის ნომრები. დადგინდა, რომ ეს პირები იყვნენ მერის წარმომადგენელი სოფელ პირველი მაისში ნესტორ ძიძიგური და თემის დეპუტატი იაგო თოდუა. მათი თქმით, ეს იყო ბაღის მოსწავლეების სიები და ამოწმებდნენ მიიღეს თუ არაა 200 ლარიანი დახმარება. დამკვირვებელმა გადაამოწმა ნამდვილად იყო თუ არა ბაღის აღსაზრდელი რიტა გოგიშვილი, რომელიც სიაში პირველ ნომრად ეწერა და აღმოჩნდა, რომ ის სოფელ პირველი მაისის სკოლის დირექტორია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს იყო პედაგოგების სიები ტელეფონის ნომრებით.

• 26 აგვისტოს, სამუშაო საათებში, გაიმართა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ აბაშასა და სოფელ ძველ აბაშაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირები. კერძოდ: დავით ცანავა – აბაშის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის განყოფილების უფროსი, ნიაზ შოთაძე – აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, რუსლან ბოკუჩავა – მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, აკაკი ბოკუჩავა – აბაშის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ეს უკანასკნელი არაერთხელაა შემჩნეული პარტიულ შეხვედრაზე სამუშაო დროს.

ხელვაჩაური
31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახი კალაძემ ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინეს. წინასაარჩევნო შეხვედრა სამუშაო საათებში ჩატარდა და მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე მათგანის ინდენტიფიცირება შეძლო, მათ შორის: მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ტარიელ ნაკაშიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი – მირზა ბახტაძე, განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ქეთევან დევაძე.
სამგორი
17 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი და პარტიის სხვა ლიდერები ვარკეთილის მეურნეობაში იმყოფებოდნენ. მათ #215 საჯარო სკოლასთან მდებარე, თბილისის მერიის 20 დაფინანსებით ახლად რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი მოინახულეს. სოზარ სუბარი ვარკეთილის მეურნეობაში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
ფოთი
26 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, 2020 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ღონისძიებას მოქმედი მაჟორიტარი და ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.
ხაშური
27 აგვისტოს, ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მისმა მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მერმა ირიბად ისაუბრა იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარი მმართველი პარტიის კანდიდატისთვის დაეჭირათ. ხაშურის მერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ხაშურში მილიონობით ლარის სამუშაოები შესრულდა და აღნიშნული გაგრძელდება, თუ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
ონი

• 22 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ-გვერდზე გაზიარდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც, პარტიის მიერ, თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ეხებოდა. ხსენებულ ფეისბუქ-პოსტს ერთვოდა წარწერა – „ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე“. პოსტში ჩანს პარტიის ლოგოც.

ამავე გვერდზე, აგრეთვე, გაზიარებულია, „ქართულმა ოცნების“ მიერ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების დასახელების შესახებ, სხვადასხვა მედია-საშუალების მიერ მომზადებული მასალა. მათ შორის: ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი და „კვირა რეგიონულის“ინფორმაცია.

ასევე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარებულია Bidzina Ivanishvili for Georgia-ს პოსტი, მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან გამართული შეხვედრის შესახებ.

• 27 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარდა მოქმედი მაჟორიტარისა და ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გოჩა ენუქიძის მილოცვა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანება

ევროპული საქართველოს პლაკატების საქმე

7 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის 3 აქტივისტი თიანეთის გზატკეცილზე, მშენებარე ნაგებობის ღობეზე, პარტიის სააგიტაციო მასალის გაკვრისათვის დააჯარიმეს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი შალიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ 21 დამკვირვებელს განუცხადა, რომ სამივე მათგანს საპატრულო პოლიციამ 200-200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მისივე თქმით პოლიციელები აქტივისტებს დაემუქრნენ, თუ პლაკატების გაკვრას გააგრძელებდნენ დააკავებდნენ.

პარტიის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის გამოგზავნილი ვიდეოდან ირკვევა, რომ აქტივისტები მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა, სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარტიის აქტივისტები დააჯარიმა ორთაჭალაშიც, იუსტიციის სამინისტროს მოპირდაპირედ, სამშენებლო ღობეზე პარტიის პლაკატების გაკვრისას.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი შალიკაშვილის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულია 23 პირი, პარტიას გასაჩივრებული აქვს 23 ოქმი. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. პარტია „ევროპული საქართველოს“ პლაკატები მასობრივად დაზიანდა წალკის, ამბროლაურის, ბორჯომის, საჩხერის, გორის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ხაშურის, თეთრიწყაროს სიღნაღის, ახალციხის, დუშეთის მუნიციპალიტეტებსა და თბილისის რაიონებში.

ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში

კახეთსა და შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ლაგოდეხი

11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.

ახმეტა

10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო. დედოფლისწყარო 14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

გორი

2 სექტემბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა. ქარელი 3 სექტემბერს,

ქარელის

მოსახლეობას წინაშე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) ესწრებოდა.

სიღნაღი

19 აგვისტოს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას, მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება „რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს“. მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს მისთვის ყველა მიუღებელია.

სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა წინასაარჩევნო კამპანიაში

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რუკა და ოკუპირებულად აჭარა

2020 წლის აგვისტოს ბოლოს, „პატრიოტთა ალიანსმა“, ბათუმი-სარფის მაგისტრალზე, განათავსა სარეკლამო ბანერი, სადაც პარტიის დასახელების, მისი ლიდერების და საარჩევნო ნომრის გვერდით, გამოსახული იყო საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ა/რ-ასა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიად, ასევე, მონიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო ოკუპანტად მითითებული იყო თურქეთი, რაც, მიუთითებს პარტიის განზრახვაზე, პროვოკაციული ფორმით, საქართველოსთვის რუსეთის თანაბარ მტრად წარმოაჩინოს თურქეთი და გააღვივოს მტრული განწყობები ამ უკანასკნელის მიმართ.

პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე სახელწოდებით – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (Page ID 1804396213176893), განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებს შორის ექვსი შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, ასევე რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს და მიზნად ისახავს, თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების შექმნასა და განმტკიცებას.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღნიშნული ვიდეო რგოლების შესწავლისა და სათანადო რეაგირების მოთხოვნით.

ქართული მარშის რიტორიკა კონკურენტთა მიმართ
23 აგვისტოს, „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გლდანის ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ განაცხადა. მან ინფორმაცია გამოაქვეყნა პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე, ტექსტი შეიცავდა მუქარას გლდანში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიმართ. პარტიის ლიდერი, იმავე რიტორიკით, მიმართავს გლდანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს – ლევან კობიაშვილსაც. განცხადება სიძულვილის გამომხატველი იყო ასევე სექსუალური უმცირესობების მიმართ.

ორგანიზაციის რეკომენდაციები ხელისუფლებასა და სხვებს

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას:

• ხელისუფლებამ დროულად და გამჭვირვალედ გამოიძოს პოლიტიკურ აქტივისტზე ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევები და უზრუნველყოს მსგავის ფაქტების პრევენცია;

• სოციალური დახმარების პროგრამების დაგეგმვისას, ხელისუფლებამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული 2 თვიანი ვადა და, წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროგრამების გამოცხადებით, არ შექმნას ამომრჩევლის მოსყიდვის განცდა;

• არ დაუშვან ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება პარტიისა და მისი კანდიდატის აგიტაციისთვის;

• საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან;

• წინასაარჩევნო პროცესების ობიექტურად გაშუქებისთვის, აუცილებელია მედიასაშუალებების დაცვა ზეწოლა/მუქარისაგან და მსგავსი ფაქტების დროულად და გამჭვირვალედ გამოძიება.

პოლიტიკურ პარტიებს:

• პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;

• მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა, ასევე სავარაუდო კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა;

• მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;

• არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა/მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელება;

• თავი შეიკავონ მედიასაშუალებებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისგან.

რელიგიურ ორგანიზაციებს:

• სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი