ახალი ამბებიეკონომიკა

2020-ის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა

8 სექტემბერი, 2020 • 1306
2020-ის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა

2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.5%-ით, ანუ 1.2 მილიონით გაიზარდა და ჯამში 237.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მეორე კვარტალში რეინვესტირების მოცულობამ 144 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 103 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ინვესტიციების მოცულობა ბოლო ორი წელია, თითქმის განახევრებულია. მაგალითად, 2018 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 406 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2019 და 2020 წლების მაჩვენებლებს.

წყარო: საქსტატი

მეორე კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში პირველ ადგილს თითქმის 59 მლნ აშშ დოლარით გაერთიანებული სამეფო იკავებს, მეორე ადგილზეა ნიდერლანდი 53 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 31 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება სექტორებს, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა (78 მლნ აშშ დოლარი); შემდეგ მოდის ენერგეტიკა (29.6 მლნ აშშ დოლარი) და მშენებლობა (27.7 მლნ აშშ დოლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი